აზერბაიჯანიდან თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტის შესახებ ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც პირველი სამი წლის განმავლობაში ტრანზიტის ღირებულება წინასწარ იქნება განსაზღვრული. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (სსე) ავრცელებს.
უწყების განმარტებით, ფასის წინასწარ დაფიქსირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის საბიუჯეტო და სისტემური დაგეგმვის გაუმჯობესებას. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ დოკუმენტს ხელი ბაქოში, სამთავრობო ვიზიტის ფარგლებში მოეწერა და ის ძალაში 2027 წლის პირველი იანვრიდან შევა.
ორმხრივ შეთანხმებას ხელი მოაწერეს: ვანო ზარდიაშვილმა — „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა; როვშან ნაჯაფმა — აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის პრეზიდენტმა.
ვანო ზარდიაშვილი ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად იმყოფებოდა. ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიას ასევე დაესწრო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი ქვეყანას რეგიონში ეკონომიკურად და სამართლებრივად უფრო მყარ პოზიციაში ჩააყენებს.
„აღნიშნული შეთანხმება უზრუნველყოფს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის სამართლებრივ და ფინანსურ გამყარებას, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონული ენერგეტიკული დერეფნის განვითარებაში და შექმნის გრძელვადიანი რეგიონული თანამშრომლობისა და სტაბილური პარტნიორობის საფუძველს“, - აცხადებენ უწყებაში.
ხელშეკრულების საერთო ვადა 20 წელს შეადგენს და ის აზერბაიჯანული ელექტროენერგიის თურქეთში საქართველოს გავლით ტრანზიტის ძირითად პირობებს არეგულირებს.
ირაკლი კობახიძის ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველომ და აზერბაიჯანმა ეკონომიკის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მიმართულებით შეთანხმებების პაკეტს მოაწერეს ხელი.
მხარეებმა გააფორმეს 20-წლიანი შეთანხმებები, რომლებიც ბუნებრივი აირის მიწოდებასა და ტრანზიტს, ასევე რეგიონულ სატრანსპორტო პროექტებს შეეხება.
დოკუმენტებს შორისაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზაციის დასრულების შესახებ პროტოკოლი, რომლის საფუძველზეც ინფრასტრუქტურა ერთობლივ საწარმოს გადაეცა. ასევე გადაწყდა, რომ 26 მაისიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება.
გარდა ამისა, „სოკარსა“ და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის ბაქო-სუფსის მილსადენის ფუნქციონირების ძირითად პირობებზე შეთანხმება გაფორმდა.




























