საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის პირველ კვარტალში 3.8 მლრდ დოლარი შეადგინა, სადაც ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილი 68.4% იყო.
ამ პერიოდში ქვეყნის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებად კი თურქეთი (562.4 მლნ აშშ დოლარი), ჩინეთი (461.9 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (383.3 მლნ აშშ დოლარი) იყვნენ.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა იანვარ-მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57.7%-ით გაიზარდა და 461.9 მლნ დოლარი შეადგინა. აღსანიშნია, ისიც რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყნების ექსპორტ-იმპორტის ჯამური რიცხვი გასული 5 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებსაც აღემატება.
საქართველო-ჩინეთს შორის ვაჭრობაში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვნად - 100.9%-ით გაიზარდა ექსპორტი. ამ პერიოდში ჩინეთი 10 უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სიაში პირველ ადგილს 18.8%-იანი წილი იკავებს და ჩინეთში საქონლის ექსპორტით ამ პერიოდში საქართველომ 220 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.
ძირითად შემთხვევაში საექსპორტო საქონლის ღირებულება და მოცულობები გაიზარდა. TOP-5 უმსხვილესი სავაჭრო საქონლის ექსპორტის ღირებულება და ჩინეთში რეალიზაციის ზრდის მონაცემები კი ასეთია:
1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 178.2 მლნ დოლარი, 65 492 ტონა; ზრდა - 111.5%;
2. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 22 მლნ დოლარი, 7 378 ტონა; ზრდა - 75.3%;
3. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 4.1 მლნ დოლარი, 21 ტონა; ზრდა - 3.4%;
4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 2.9 მლნ დოლარი, 832 ტონა; ზრდა - 15.9%;
5. დაუმუშავებელი ალუმინი - 2.8 მლნ დოლარი, 1 142 ტონა; ზრდა - 77.2%.
სხვა დანარჩენი საქონლის ექსპორტი 116.2%-ით გაიზარდა და 9.8 მლნ დოლარი შეადგინა.
2022 წლის პირველ კვარტალში გაიზარდა იმპორტიც, თუმცა ექსპორტთან შედარებით ზრდა მცირე იყო. 3 თვეში საქართველოდან ჩინეთში სხვადასხვა დასახელების პროდუქტის შესაძენად 241.9 მლნ დოლარი გავიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 31.9%-ით აღემატება. (2021 წლის იანვარ-მარტი - 183.3 მლნ დოლარი).
უმსხვილესი საიმპორტო საქონლის TOP-5-ეული კი ასე გამოიყურება:
1. პოლიაცეტალები, პოლიეთერები მარტივი სხვა და ფისები ეპოქსიდისა პირველადი ფორმებით - 17.5 მლნ დოლარი, 12 492 ტონა; ზრდა - 469.4%;
2. რეზინის ახალი პნევმატური სალტეები და საბურავები - 8.1 მლნ დოლარი, 2 566 ტონა; ზრდა - 7.5%;
3. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 6.7 მლნ დოლარი, 5 199 ტონა;
4. სატელეფონო აპარატები - 6.5 მლნ დოლარი, 107 ტონა;
5. გამომთვლელი მანქანები - 5.9 მლნ დოლარი, 54 ტონა.
სხვა დანარჩენი საქონლის იმპორტის ღირებულებამ 196.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის იმპორტს 22.6%-ით აღემატება.