მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-დიდ ბრიტანეთს შორის ავიამიმოსვლის შესახებ შეთანხმების დოკუმენტის რატიფიცირებას კომიტეტმა მხარი დაუჭირა

საგარეო
BM. GE
07.11.23 18:40
146

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება განიხილა. შეთანხმება სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინა.

„შეთანხმების განახლება განაპირობა გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვებამ. აღნიშნული პროცესის შემდეგ გაერთიანებულმა სამეფომ დაიწყო ყველა ორმხრივი ხელშეკრულების გადახედვა. საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის გაფორმებული შეთანხმება ეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს“, - განაცხადა მომხსენებელმა.

აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შორის რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებას, თავისუფალი კონკურენციის ამაღლებას, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებას.

შეთანხმების თანახმად, ავიასაწარმოებს საშუალება ეძლევათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები, ტევადობა და სიხშირე. დოკუმენტის მიხედვით, საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც განხორციელდება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა. ასევე დარეგულირდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ფრენის უსაფრთხოება და საავიაციო უშიშროება, უფლებების მინიჭება, ავიაგადამზიდველების დანიშვნა, ჩიკაგოს კონვენციის გამოყენება, ავიაკომპანიების მიერ ერთობლივი კოდების გამოყენება და ა.შ.