ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დარწმუნებულია, რომ ტურიზმში მოქმედი მცირე და საშუალო კომპანიები წელს ბევრ ტურისტს უმასპინძლებენ. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საერთო ძალისხმევით გაგრძელდება მნიშვნელოვანი პროექტები, რაც მიმდინარე წელს ტურიზმის ინდუსტრიის რეკორდულ მაჩვენებლებზე გასვლას უზრუნველყოფს.
„დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი მცირე და საშუალო მეწარმეები მიმდინარე წელს ბევრ ტურისტს უმასპინძლებენ, შექმნიან ახალ სამუშაო ადგილებს, ხოლო ტურიზმის ინდუსტრია შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, მიმდინარე წელი განსაკუთრებით წარმატებულად დაიწყო ტურიზმის ინდუსტრიისთვის, ვინაიდან პირველ კვარტალში ჩვენმა ქვეყანამ უმასპინძლა 1,3 მლნ-ზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს, რამაც განაპირობა ის, რომ კვარტალის ჭრილში საქართველომ მიიღო რეკორდული შემოსავალი - 800 მლნ ამერიკულ დოლარზე მეტი. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემებით, საქართველომ სრულად აღადგინა პანდემიამდელი მდგომარეობა, მეტიც, მას 40%-ით გადააჭარბა.
ქვრივიშვილის განცხადებით, დადებითი დინამიკაა ფრენების კუთხითაც.
„ჩვენ მიმდინარე წელსაც შევძელით და ქვეყნის ავიაბაზარზე შემოვიყვანეთ არაერთი ევროპული ავიაკომპანია, მათ შორის, ავსტრიული და ნიდერლანდური. აღნიშნული დინამიკა დადებითად აისახება მგზავრთნაკადის ზრდაზე. კერძოდ, აპრილი - მაისის მონაცემებით, მხოლოდ თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებმა უკვე უმასპინძლა 337,000-ზე მეტ მგზავრს, რაც 21%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 7%-ითაა გაზრდილი რეისებზე დატვირთულობის კოეფიციენტი. ასევე მიმდინარე და დაგეგმილ სანავიგაციო სეზონზე სრულდება 640-მდე პირდაპირი ფრენა კვირის განმავლობაში, რაც 15%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე,“ - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველო უმასპინძლებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ტურიზმის დღეს, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში არაერთი საერთაშორისო დელეგატი, მათ შორის, ჟურნალისტები ჩამოვლენ.
"თითოეულ ჩვენგანს კერძო სექტორთან ერთად გვექნება შესაძლებლობა, ღირსეულად წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის შესაძლებლობები. ყოველივე ეს ქმნის პოზიტიურ მოლოდინებს, რომ ტურიზმის შედეგები იქნება კიდევ უფრო მეტად რეკორდული, ვუმასპინძლებთ უფრო მეტ საერთაშორისო მოგზაურს, შემოვიყვანთ ახალ ავიაკომპანიებს, იქნება მეტი პირდაპირი ფრენა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამიზნე ქვეყნებთან და აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა არ იხელმძღვანელონ ვიწრო პარტიული ინტერესებით, არ შექმნან ნეგატიური მოლოდინები და არ გაავრცელონ დეზინფორმაცია. პირველ რიგში ეს აზიანებს მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულნი ტურიზმის ინდუსტრიაში და რა თქმა უნდა, აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. მცირე და საშუალო მეწარმეებს საკმაოდ რთული გამოწვევებით სავსე გასული წლები ჰქონდათ. მათ, ჩვენთან ერთად, ძალიან ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ ასეთი წარმატებული შედეგები გვქონოდა წელს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიაში,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ცნობისთვის, მმართველი პარტიის მიერ "რუსული კანონის" მიღებით ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ჯავშნების გაუქმების შესახებ აცხადებენ. როგორც სტუმარმასპინძლობის ბიზნესი ამბობს, წელს, რთულ ტურისტულ სეზონს ელოდებიან.
„ჯავშნები უქმდება“ – „რუსული კანონის“ გავლენა სასტუმრო ბიზნესზე