მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ენერგეტიკაში კანონების მიღებას აგვიანებს - ევროპის ენერგოგაერთიანების გაფრთხილება

5dcebc6f28b83
BM.GE
16.11.19 10:00
1135
საქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრის სტატუსით აღებული ვალდებულებების შესრულებას აგვიანებს - ასეთია ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის იანეზ კოპაჩის შეფასებებიდან ძირითადი დასკვნა.

როგორც იანეზ კოპაჩიმ ამ თემაზე გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველომ დედლაინი დაარღვია. საუბარია, ენერგეტიკის სექტორში ახალი კანონების მიღების ვადებზე.

„დარჩენილია, როგორც შედარებით პრიორიტეტული საკითხები, ასევე ისეთი ცვლილებებიც, რომელთა მნიშვნელობაც შედარებით ნაკლებია. ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჩქარო არის შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტურობის მიმართულებით შესაბამისი ზომების მიღება, ასევე ენერგოეფექტურობის ევროდირექტივასთან თავსებადობის უზრუნველყოფა.

ასეთივე პრიორიტეტულია ჩვენთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების ევროდირექტივის მოთხოვნებთან თავსებადობის შექმნა. ამ ცვლილებების შედეგად, საქართველომ ენერგობაზრებს გახსნის უფლება უნდა მისცეს. ეს არ არის მხოლოდ ენერგოგაერთიანების აღებული ვალდებულებაა, არამედ ის სასიკეთოა თავად საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბაზრის ლიბერალიზაცია და სხვა ვალდებულებების შესრულება სწრაფად მოხდება.

მიზეზები, რომელთა გამოც ეს ცვლილებები გაიჭედა და გაჩერდა, სხვადასხვაა. ენერგოეფექტურობის ნორმების კუთხით, ჩვენ როგორც გვითხრეს, ცვლილების გაჭიანურების მიზეზი დროში გაწელილი და უშედეგო დისკუსია იყო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბებულიყო შესაბამისი მარეგულირებელი ორგანო - უნდა ყოფილიყო ის ცალკე არსებული სააგენტო, თუ - სამინისტროში შემავალი დეპარტამენტი. ეს თავის მხრივ. არც თუ ისე მნიშვნელოვანი საკითხი იყო, თუმცა როგორც ჩანს, ის იქცა ბარიერად, რის გამოც ქვეყანას ამ დრომდე არ აქვს შესაბამისი კანონმდებლობა.

ბუნებრივი გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის ბაზრების ლიბერალიზაციის მიმართულებით, ჩვენ არ ვიცით რატომ არ არის ეს ცვლილებები მიღებული. მე ვიცი, რომ იყო დისკუსია იმის თაობაზე, თუ რა შედეგებს გამოიწვევდა მისი მიღება და ამოქმედება, როგორ შეცვლიდა ის ამ ბაზრებზე სამომხმარებლო ფასებს. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით პოლიტიკოსთა შიშები დასრულებულია და ისიც მალევე იქნება მიღებული და ათვისებული“, - განაცხადა კოპაჩიმ.

დღეის მდგომარეობით, "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" და განახლებადი ენერგიის თაობაზე კანონპროექტების განხილვა პარლამენტში, მეორე მოსმენის ეტაპზეა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების შესახებ ოქმით (2016 წლის 14 ოქტომბერი) გაწერილი ვალდებულებების შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ევროკავშირის სამართლებრივ ნორმებთან ჰარმონიზაციის მიზნით, ენერგეტიკის სექტორში რიგ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს. აღნიშნული პროცესი ისეთ საკითხებ მოიცავს, როგორიცაა ლიბერალიზებული ენერგეტიკული ბაზრის შექმნა, მიწოდების უსაფრთხოების ამაღლება, ენერგოეფექტურობის განვითარება, განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშეწყობა და ენერგეტიკული სტატისტიკის ნორმების გაუმჯობესება და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები