„ბევრისთვის – ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ჩვენი ბევრი თანამოქალაქისთვის, ჩემთვისაც პირადად [საქართველოს მთავრობა] საკმაოდ მოულოდნელ პოზიციაში აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, აქ ვგულისხმობ იმ ტრაექტორიას, რომელიც საქართველომ აირჩია [რუსეთ–უკრაინის] სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ“ – ამბობს The American Purpose-ის აღმასრულებელი რედაქტორი ზაზა შენგელია „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში. მისი თქმით, ეს ტრაექტორია გამოიხატა დასავლეთის სანქციების არა მხოლოდ არ–მიერთებაში, არამედ, საერთაშორისო სანქციების კრიტიკაშიც.
„ეს საერთოდ ცალკე საკითხია – ამბობს ზაზა შენგელია „ანალიტიკა“–სთან – რადგანაც ევროკავშირს იმ სანქციების მიღება, რომლებიც რუსეთის საწინააღმდეგოდ იქნა მიღებული – ეკონომიკური, ფინანსური, სავაჭრო – თავის შიგნით, ევროკავშირის ქვეყნებში, ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი დაუჯდა და ამის ფონზე, როდესაც ერთ–ერთი კანდიდატობის კანდიდატი ქვეყანა ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს როგორც არაეფექტურს, საეჭვო მიზანშეწონილობის მქონეს – ეს საერთოდ კონტექსტიდან ამოვარდნილია“.
The American Purpose-ის აღმასრულებელი რედაქტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მხილება სანქციების დარღვევაში ამ დრომდე არ მომხდარა, ტრაექტორია მნიშვნელოვანია. „საქართველო განზე გადგა – ამბობს ზაზა შენგელია „ანალიტიკა“–სთან – და ცდილობს, მინიმალურად ჩაერთოს ამ პროცესებში“.
მისივე თქმით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციის დაწესებამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოააშკარავა.
„არსებობს არაფორმალური არხები რუსეთთან; ამ არაფორმალური არხებით წარამოებს მოლაპარაკებები რუსეთთან, ხოლო ამ აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, მიიღება კონკრეტული გადაწყვეტილებები“ – ამბობს ზაზა შენგელია.
The American Purpose-ის აღმასრულებელი რედაქტორი ასეთ კონკრეტულ მაგალითად რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას ასახელებს.
„ამაზე ევროკავშირის მხრიდან არაერთგზის იყო მკაფიო მითითება, რომ ეს [რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა] ამ [საერთაშორისო სანქციების] კონტექსტში, მათთვის არის მიუღებელი“ – ამბობს ზაზა შენგელია „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში.
საქართველოს მთავრობა ამტკიცებდა, რომ რუსეთმა ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო. სექტემბრის ბოლოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებული იყო. როგორც სერგეი ლავროვმა Tass-თან ინტერვიუში აღნიშნა, თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებულია.
"როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო ადამიანების ინტერესების გამო, რომლებსაც ერთმანეთთან ურთიერთობა სურთ, სურთ ის, რომ ერთმანეთს ეწვიონ, ეწვიონ ჩვენს ქვეყნებს, როგორც ტურისტები, სურთ ბიზნესის კეთება, ჩვენ ბატონი ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე შევთანხმდით. სავიზო რეჟიმი გაუქმდა, რადგან რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უკვე საკმაოდ დიდი ხანია არსებობდა და ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ გამოიყენა იგი. ახლა, ორმხრივობის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება და საჰაერო კომუნიკაციების დამყარება, რა თქმა უნდა, ჩვენს ურთიერთობას ბევრად კომფორტულს ხდის. იზრდება ავიარეისების რაოდენობა, ფართოვდება პირდაპირი ფრენების გეოგრაფიაც, იზრდება სავაჭრო ბრუნვა. ჩვენთან დიდი პოპულარობით სარგებლობს ბევრი ქართული ტრადიციული საექსპორტო პროდუქტი: ღვინო, ბორჯომი და მრავალი სხვა", - განაცხადა ლავროვმა.
ღარიბაშვილმა ლავროვს უპასუხა და ისევ გაიმეორა, რომ რუსეთმა ერთპიროვნულად მიიღო როგორც ფრენების აღდგენის, ისე უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება.
"მანამდე გაგახსენებთ რომ რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის და ფრენების აღდგენა. დღეს რაც თქვა ბატონმა ლავროვმა ეს არის ფაქტის კონსტატაცია ანუ რა თქმა უნდა, მოხდა ამ შეთანხმების გაფორმება საქართველოს მთავრობასთან. კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს საავიაციო სააგენტო ბუნებრივია თანხმობას აძლევს შესაბამის უწყებას და შესაბამის რუსულ კომპანიებს. ამ შეთანხმებაზეა საუბარი და რა არის ამაში გაუგებარი?! რა სკანდალი ნახეთ ამაში?! რა აღმოაჩინეთ?! მანამდე თქვენ მოისმინეთ რუსეთის პირველი პირის განცხადება, რომ ეს იყო ერთპიროვნული გადაწყვეტილება. დღეს რაც გაკეთდება განცხადება არის ფაქტის დადასტურება იმის, რომ მთავრობასთან შეთანხმება მოხდა. ჩვენ ეს ფარულად არ გაგვიკეთებია. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ თქვა, რომ ფრენებს აღადგენს და უვიზო რეჟიმს დაუწესებს ჩვენს მოქალაქეებს ჩვენ ამას მივესალმეთ და ვთქვით, რომ ეს კარგი ნაბიჯია. ასევე ვთქვით, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და თვითმფრინავები იფრენდნენ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.