ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო მიმოსვლის შემოღებამ და პირდაპირი ავიარეისების სიხშირის ზრდამ გაზარდა ქვეყანაში ჩინეთიდან ტურისტული ნაკადები. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეგმავს, უფრო მასშტაბური ტურისტული აქტივობები გამართოს ჩინეთის მეტ ქალაქში, რათა ჩვენი ქვეყნის, როგორც ტურისტული მიმართულების, ცნობადობა გაიზარდოს.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთის ავიაკომპანიების - Hainan Airlines-ის, Capital Airlines-ის და Sichuan Airlines-ის ხელმძღვანელებს შეხვდა.
"შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე. შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა საქართველოს საავიაციო სექტორში მიმდინარე ტენდენციებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო პოპულარული მიმართულებაა ტურიზმის ინდუსტრიაში, რამაც პოზიტიური გავლენა მოახდინა სამოქალაქო ავიაციის განვითარებაზე - კერძოდ, დღეისათვის საქართველოში 60-ზე მეტი ავიაკომპანია საქმიანობს, რომლებიც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში 100-ზე მეტ რეგულარულ რეისს ასრულებენ.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ამჟამად ავიაკომპანია China Southern Airlines თბილისი - ურუმჩის მიმართულებით ფრენებს ყოველდღე ასრულებს. შემოდგომაზე საქართველოს ავიაბაზარზე Air China შემოვა, რომელიც ურუმჩის გარდა, ფრენების განხორციელებას პეკინი - თბილისის მიმართულებითაც გეგმავს", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
ცნობისთვის, გასული წლის 11 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა. შესაბამისად, მათ ტურისტული მიზნებისთვის უვიზოდ შემოსვლა და 30 დღე ყოფნა შეუძლიათ. უკვე მიმდინარე წელს კი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამაც დააწესა უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის.