დღეს მინდა, თქვენი ყურადღება შევაჩერო იმაზე, რაც შესაძლოა ბევრ თქვენგანს ყურადღების მიღმა დარჩა, თუმცა, არა – „ანალიტიკა“–ს და ჩვენ მოვიკითხეთ, რა როლი აქვს საქართველოს მსოფლიო ბანკის ჯგუფის საერთაშორისო განვითარების ასოციაციაში – IDA. მოკლე პასუხი ასეთია: ერთ დროს ბენეფიციარი საქართველო, დღეს დონორია.
რა თანხით ეხმარება საქართველო ღარიბ ქვეყნებს?
ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, საქართველომ IDA-ს ფინანსური რესურსების მე-20 შევსებაში პირველად მიიღო მონაწილეობა.
“საქართველომ მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) დონორი ქვეყნის სტატუსი 2022 წლის 13 სექტემბერს მიიღო, შესაბამისად, IDA-ს ფინანსური რესურსების მე-20 შევსებაში მიიღო პირველად მონაწილეობა, რაც 2023-2025 წლებში საქართველოს მხრიდან 1 980 000 აშშ დოლარის ოდენობით ფინანსური ვალდებულების დაფარვას გულისხმობს. გასათვალისწინებელია, რომ დღეის მდგომარეობით 1 320 000.00 აშშ დოლარი უკვე დაფარულია,” - აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოგზავნილ წერილში.
ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ეს ინფორმაცია ტექნიკური ენიდან უფრო მარტივ ენაზე რომ ვთარგმნოთ გამოვა, რომ განვითარების საერთაშორისო ასოციაციის მე–20 შევსების მიხედვით, საქართველო – ანუ ჩვენ, გადასახადების გადამხდელები – 2023–2025 წლებში IDA-ს მხარდაჭერის მიმღებ პირებს უნდა დავეხმაროთ მილიონ 980 ათასი ამერიკული დოლარით. აქედან IDA-ს ბენეფიციარებს უკვე დავეხმარეთ მილიონ 320 ათასი დოლარით.
კითხვაზე – ვინ განსაზღვრა ეს თანხა საქართველოსთვის – ფინანსთა სამინისტროს პასუხია – მსოფლიო ბანკმა. კითხვაზე – ვის ვეხმარებით ამ ფულით თუ უბრალოდ ვურიცხავთ IDA-ს და ორგანიზაცია შემდეგ თავად იღებს მისი განაწილების გადაწყვეტილებას – ფინანსთა სამინისტროს პასუხია – რომ ამას თავად განვითარების საერთაშორისო ასოციაცია წყვეტს.
IDA და საქართველო
საქართველო IDA-ს დონორი ორგანიზაცია 2022 წლის 13 სექტემბერს ოფიციალურად გახდა. ხელმოწერის ცერემონია საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 30 წლის აღმნიშვნელ კონფერენციაზე შედგა. საქართველოს სპეციალურად ეწვია მსოფლიო ბანკის ვიცე–პრეზიდენტი ანნა ბიერდე. საქართველო IDA-ს ბენეფიციარი 1993 წელს გახდა, ხოლო ასოციაცია 2014 წელს დატოვა. ამ წლების განმავლობაში, ჯამში, მილიარდ–ნახევარი ამერიკული დოლარის ღირებულების ფინანსური რესურსი მოიზიდა – ძირითადად გრანტების და დაბალპროცენტიანი სესხების სახით.
ფინანსური მხარდაჭერის რა პირობები აქვს IDA-ს?
IDA თავის ბენეფიციარ ქვეყნებს ძირითადად გრანტებით, დაბალ პროცენტად გრძელვადიანი სესხებით (მაქსიმუმ 2.88%), გარანტიებით და ა.შ ეხმარება. დაფინანსების კატეგორიები სამი მთავარი მიმართულებით იყოფა: საინვესტიციო პროექტების დაფინანსება, განვითარების პოლიტიკის დაფინანსება და პროგრამა შედეგებისთვის, რომლის მონიტორინგიც ყოველი 5 წლის ბოლოს ხდება. IDA-ს მართავს 174 აქციონერი ქვეყანა, რომლითაც დაკომპლექტებულია მმართველთა საბჭო. განვითარების ყოველდღიურ საქმეს ამენეჯმენტებს მსოფლიო ბანკის ოპერაციონალური სტაფი, მთავრობები და აღმასრულებელი სააგენტოები. ისტორიულად, ანუ 60–იანი წლებიდან, IDA-ს აფინანსებდნენ წევრი ქვეყნების მთავრობები. დონორები ყოველ 3 წელიწადში ერთხელ აახლებენ და ავსებენ IDA-ს რესურსებს და მსჯელობენ დაფინანსების პოლიტიკასა და მიდგომებზე. მთავრობების გარდა, IDA ამ დისკუსიებში სამოქალაქო საზოგადოებას, კვლევით ორგანიზაციებს და ფონდებს რთავს.
ვის ეხმარება IDA?
დღეის მდგომარეობით, IDA-ს ბენეფიციარი 75 ქვეყანაა. აქედან 60–ი მხოლოდ IDA-ს დაფინანსებას იღებს, ხოლო 15–ს დამატებით IBRD-ის – რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხის მოზიდვის შესაძლებლობაც აქვს. ორივე ეს ორგანიზაცია მსოფლიო ბანკის ჯგუფში შედის. ეს 75 ქვეყანა ძირითადად აფრიკის, აღმოსავლეთ აზიის, ლათინური ამერიკის, შუა აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის, სამხრეთ აზიის, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებზე ნაწილდება. მთავარი საზომი ერთ სულზე მთლიანი ეროვნული შემოსავალია – რაც უფრო დაბალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო მეტი დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა აქვს ქვეყანას. მსოფლიო ბანკისვე გაანგარიშებებს თუ დავეყრდნობით ამ ეტაპზე ლიბერია, მადაგასკარი, მოზამბიკი, ნიგერია – ერთ–ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნებია და ყველა მათგანი არის კიდეც IDA-ს ბენეფიციართა ჩამონათვალში.
რაც შეეხება რეგიონს, სანამ დონორის სტატუსს მოიპოვებდა - საქართველო შედიოდა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. Აქ დღეს სულ 4 ქვეყანა მოიაზრება - კოსოვო, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. Ეს ქვეყნები დღეს IDA-ს ბენეფიციარები არიან. Აქედან - უზბეკეთი თან IDA-ს ბენეფიციარია და თან - აქვს შესაძლებლობა სესხი IBRD-იდანაც მოიზიდოს.
რა არის IDA20?
IDA-ს რესურსების უახლესი შევსება – რიგით მეოცე – IDA 20 - 2021 წლის დეკემბერში დასრულდა. შედეგად, IDA-ს ბენეფიციარი ქვეყნებისთვის, 2022–2025 წლებისთვის ისტორიულად მაღალი – 93 მილიარდი ამერიკული დოლარის დაფინანსების პაკეტის მობილიზება გახდა შესაძლებელი. ეს IDA-ს 61–წლიანი ისტორიის მანძილზე დაფინანსების ყველაზე მსხვილი პაკეტია. ამ რეკორდული პაკეტის ნაწილია საქართველოც – უკვე არა როგორც ბენეფიციარი ქვეყანა, არამედ – როგორც დონორი. ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ჯამური თანხა – მილიონ 980 ათასი დოლარი – 2023–2025 წლებზე უნდა გადანაწილდეს. ამ ეტაპზე საქართველო IDA-ს ფინანსურ დოკუმენტებში მოხსენიებულია, როგორც Interstitial Member - მოლდოვასთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათი დონორად დარეგისტრირებიდან 5 შევსება გასული არ არის.
როგორ აფასებენ „ანალიტიკა“–ს რესპოდენტები საქართველოს დონორის სტატუსს?
ლევან კობერიძე: „თვითონ მოვლენა ნამდვილად პოზიტიურია როგორც კომუნიკაციის კუთხით, ისე არსობრივადაც. ქვეყანა 30 წლის განმავლობაში თავისი პარამეტრებით, მაჩვენებლებით, ეკონომიკასთან და შექმნილ დოვლათთან მიმართებით, იმ ეტაპზე გადავიდა, რომ მას უკვე შეუძლია მსოფლიო თანამეგობრობისგან და საზოგადოებისგან არა მხოლოდ მიიღოს თანხები, არამედ გასცეს კიდეც. დავეხმაროთ უკვე იმ ქვეყნებს, ვინც უკიდურეს სიღარიბეში არიან, თუკი ჩვენ ამ პარამეტრებს ვაკმაყოფილებთ. ეს არის ნამდვილად პოზიტიური. თუმცა, ამას სჭირდება კარგი კომუნიკაცია ყველა მიზნობრივ ჯგუფთან – ექსპერტებთან, მოსახლეობასთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ქვეყნის გარეთაც – ინვესტორებთან, ემიგრანტებთან და ა.შ. ყველა იმ ადამიანთან, ვისაც საქართველოს ბედ–იღბალი აინტერესებს. მაგალითად – საქართველოს მოსახლეობას ალბათ პირველ რიგში დააინტერესებს – ჩვენ ხომ არ ვართ ჯერ კარგად მისახედი, რა დროს სხვების დახმარებაა; ინვესტორებს დააინტერესებთ, რომ – რაღაც კარგი პარამეტრებია ე.ი. საქართველოში და მისი კონკურენტუნარიანობა იქნებ ამ პარამეტრით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვანია ხოლმე მათთვის გადაწყვეტილების მიღებისას; საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, თუნდაც იმ ქვეყნებისთვის, ვისაც ჩვენ ვეხმარებით IDA-ის საშუალებით, შეიძლება გაჩნდეს რაღაც საინტერესო ლინკი. მეორე მხრივ, პოზიტიური ამბავია, რომ საქართველოს მოქალაქეებს ცოტათი სიამაყის გრძნობა გაუჩნდეთ, რომ თურმე ჩემი გადასახადებით მეც შემაქვს კარგი კონტრიბუცია მსოფლიოს ეკონომიკურ ვითარებაში“.
ირაკლი ჟვანია: „მთლიანობაში, რა თქმა უნდა, პოზიტიური ამბავია. სჯობს იმას, რომ ბენეფიციარი არ ვართ და IDA-ს დონორის სტატუსით შევუერთდით. ფინანსურად, სწორად აღნიშნეთ, რომ ეს არ არის იმხელა ტვირთი, რომ ჩვენ რაღაც შედარება დავიწყოთ, გვიღირს თუ არა ეს თანხა დავხარჯოთ ამ მიმართულებით თუ რაღაც ალტერნატიული გამოყენება მოვუძებნოთ. ეს კონტრიბუცია მნიშვნელოვანია აღქმის დონეზე, ემოციურადაც და მნიშვნელობითაც, რომ იყო ქვეყანა 2014 წლამდე ბენეფიციარი და დღეს უკვე არის დონორი ბევრ ქვეყანასთან ერთად. თუ მხოლოდ ცალკე ამ მაჩვენებელს ავიღებთ, ის არ არის ცალსახად ინვესტორისკენ მიმართული, თუმცა, მთლიანობაში ბევრ სხვა სარეიტინგო ორგანიზაციის კვლევებთან და მინიჭებულ რეიტინგებთან ერთად, ერთ–ერთი პოზიტიური გზავნილი შეიძლება იყოს. თუ შევხედავთ ამას სხვა ჭრილში, ჯაჭვივით გამოგვივა, რომ ჩვენ თვითონ ვიყავით ბენეფიციარები – გარდა ფინანსური მხარდაჭერისა მივიღეთ ცოდნა, გამოცდილება ბევრი მიმართულებით – საწარმოთა მართვიდან დაწყებული და სოფლის მეურნეობით, ინფრასტრუქტურული პროექტებით დასრულებული – თუ ამ კუთხით შევხედავთ, ჩვენ როგორც ბენეფიციარს და ქართველი ექსპერტების ჩართულობას სხვა ქვეყნის მსგავს რეფორმებში თუ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში – რა თქმა უნდა, შესაძლებელია და ეს განაპირობებს ხოლმე სამომავლოდ პირდაპირ ურთიერთობებს. სპეციფიკიდან გამომდინარე, იქ არის ერთი მიმართულება ეკონომიკური რეფორმები, სადაც პროექტები შემუშავებულია უფრო ინსტიტუციურ დონეზე რეფორმებისთვის – რაშიც, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს დიდი გამოცდილება, თუმცა პირდაპირ ასეთ ბმას არ გავაკეთებდი, რომ რადგან დონორი გავხდით, ჩვენი ცოდნა და გამოცდილება პირდაპირპროპორციულად გადავა ამ ქვეყნებში, თუმცა კიდევ ერთხელ – თუ ამ კუთხით შევხედავთ, დამატებით შესაძლებლობებს გვიქმნის, რომ ჩვენი ცოდნის და გამოცდილების ექსპორტი მოვახდინოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“.
პაატა შეშელიძე: „საქართველო არის მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და შესაბამისად, ყველა მის შემადგენელ ნაწილთან რაღაც ვალდებულებები ექნება. მე ვუშვებ იმის შესაძლებლობას, რომ კონკრეტულად ამ განყოფილებასთან ჩვენ გვქონდეს ისეთი შეთანხმება, რომ თუკი საქართველოს უჭირს, მსოფლიო ბანკი მოგვცემს ფულს და თუკი საქართველოს ულხინს, შედარებით აქეთ იხდის საწევროს ან რაღაც წვლილს. შესაბამისად, როგორც ჩანს – იქ მხოლოდ საქართველო არ არის, სომხეთია, ბოსნია და ჰერცოგოვინა და კიდევ სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ახლა დაემატნენ – ამ ქვეყნების ეკონომიკურმა მაჩვენებელმა სწორედ ეს ცვლილება გამოიწვია – შედარებით გამდიდრდნენ და ამიტომ, გადავიდნენ დონორების მდგომარეობაში და არა მიმღების პოზიციაში. დაზღვევა აქ ის არის, რომ თუ გაჭირდა, ისინი გვეხმარებიან და გასულ წლებში, როცა საქართველოს უფრო დიდი პრობლემები ჰქონდა, ისინი გვეხმარებოდნენ. მეორე საკითხი – არის თუ არა საქართველო მზად ასეთი ტიპის ღონისძიებების გატარებისთვის? თანხა, რომელიც დაასახელეთ, შეიძლება არ იყოს ისეთი მაღალი, რომ საქართველოს არ უღირდეს მისი გადახდა პრესტიჟისთვის, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს თანხა დიდ გავლენას ვერ მოახდენს მათ სიკეთეზე, ვისკენაც ეს თანხები უნდა იყოს მიმართული. ასეთი ტიპის დახმარებას სინამდვილეში იყენებენ საერთაშორისო ან ადგილობრივი ბიუროკრატები და რეალურ ადამიანებამდე ნაკლებად მიდის. მე, მაგალითად, საქართველოს გადასაწყვეტი რომ იყოს ეს საკითხი, ასე დაველაპარაკებოდი: მზად ვარ მივიღო მონაწილეობა, ოღონდ, შევარჩიოთ ქვეყანა და იმ ქვეყანამ აუცილებლად თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმოს საქართველოსთან. აფრიკა უზარმაზარი კონტინენტია, უზარმაზარი რესურსია, ჩვენ პრაქტიკულად აუთვისებელი გვაქვს ეს ბაზარი – ამიტომ უნდა იყოს მოლაპარაკება ასეთი: ვეხმარებით რომელიმე ქვეყანას? საპასუხოდ მივიღოთ – თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ბიზნესის განვითარება, პირდაპირი ურთიერთობები და არა – საერთაშორისო ბიუროკრატიის ხეირი. რადგან ვხარჯავთ, ბიზნესურად უნდა გამოვიყენოთ“.
ირაკლი ჟვანია: „მმართველ ორგანოში, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს პრიორიტეტების მიხედვით პროექტების განხორციელებაში – ჩვენი კონტრიბუციის შესაბამისად, მინიმალური მაგრამ ჩვენი ხმის უფლებაც გვაქვს, რაც ასევე კიდევ ერთი ახალი სიტყვაა ჩვენთვის და უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა – მივეჩვიოთ, რომ ჩვენც შეგვიძლია გავცეთ სიკეთე. გადამხდელებმაც უნდა ვიცოდეთ, რომ 4 მილიარდამდე თანხა გვაქვს მიღებული მსოფლიო ბანკის სხვადასხვა სტრუქტურებიდან ამ წლების მანძილზე – მათ შორის, IDA-დანაც – მილიარდნახევარი დოლარი. ეს ჩვენი ერთგვარი ვალდებულებაც არის ასეთი ნაბიჯი გადავდგათ იმიტომ, რომ ალბათ არც ეს ქვეყანა იქნებოდა და ვერც რეფორმებზე ვერ ვისაუბრებდით ასეთი ორგანიზაციების მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო. ეს პოზიტიური გზავნილი იქნება საქართველო–მსოფლიო ბანკის ურთიერთობებისთვისაც“.
ლევან კობერიძე: „ქვეყნის ბრენდინგი არ ნიშნავს მაინც და მაინც ფინანსების გაცემას. საქართველოს ამ 30–წლიანი განვითარების განმავლობაში დაუგროვდა საკმაოდ კარგი გამოცდილება როგორც განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანას – როგორ მოახერხა მან სხვადასხვა გამოწვევების დაძლევა, როგორი რეფორმები ჩაატარა და რა შედეგები მიიღო/იღებს დღემდე. დღეს რასაც ჩვენ ვუყურებთ, ესეც შედეგი არის მთლიანად – ყველა ხელისუფლების დროს და ეს ცოტა ზე–პოლიტიკური საკითხია – ჩვენ უნდა შევძლოთ ყველამ ერთად, გამოვიტანოთ ხოლმე ის პოზიტივი, რაც ყველა ხელისუფლების დროს იყო და ერთად წარვადგინოთ როგორც ჩვენი საერთო მიღწევა მთელი ამ 30 წლის განმავლობაში. ფინანსები ერთი საკითხია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე, შენს ქვეყანას როგორ მოუტანო წარმატება, რა რეფორმები უნდა გაატარო ამისათვის. ისიც უნდა ვთქვათ, რომ წინა ხელისუფლების დროს ჩატარებული რეფორმების კომუნიკაცია უფრო აქტიურად ხდებოდა და ხდება დღემდე – მათ შორის, სხვა ქვეყნებში – ვიდრე დღეს გატარებული რეფორმები. დღეს გატარებული რეფორმებიდან შემიძლია მოვიყვანო თამამად დახურულ სივრცეში თამბაქოს მოხმარების რეფორმის მაგალითი – მაშინ მეც პარლამენტში ვიყავი, ჯანდაცვის კომიტეტში და დღემდე სხვა ქვეყნებს ვაწვდით ამ რეფორმის შესახებ ინფორმაციას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დაიკარგოს ის კარგი, რაც კეთდება – ოღონდ, ხაზს ვუსვამ, ყველა ხელისუფლების დროს. საქართველოს რეფორმების გარდა, სხვა გზა არ აქვს".
ირაკლი ჟვანია: „რა ვალდებულებები დაგვიდგება და როგორ გაიზრდება კონტრიბუცია, ფინანსთა სამინისტრომ და მთავრობამ უფრო ნათლად უნდა უთხრას საქართველოს მოქალაქეებს და ამით არც კითხვის ნიშნები არ დატოვოს. ყოველთვის, როცა უპასუხო კითხვები არსებობს, ჩნდება ეჭვიც, რომ არსებობს ისეთი პასუხი, რომელიც მიუღებელია ან რატომ არის დაფარული. არ ვფიქრობ, რომ რაიმე განსაკუთრებული დგას ამის უკან და ძალიან მარტივად შეიძლება – ერთი პრესრელიზით მოიცვა მთლიანად ის საკითხები, რაც ამ ეტაპზე არის ბუნდოვანი და გადასახადის გადამხდელსაც, იმ ადამიანებსაც ან იმ ორგანიზაციებსაც, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებზე საკონსულტაციო მომსახურებებით არიან დაკავებულები უფრო ნათელი სურათი ექნებათ, რა მოლოდინები შეიძლება არსებობდეს აქ ამ კუთხით ან როგორი იქნება ქართველი ექსპერტების ჩართულობა აფრიკაში თუ ლათინურ ამერიკაში განხორციელებულ პროექტებში – არის თუ არა ეს პირდაპირ კავშირში ჩვენს დონორობასთან. ძალიან მარტივი საკითხებია, რომლებიც შეიძლება უფრო ნათლად, უფრო ვრცლად და მარტივად ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს და არ დავტოვოთ კითხვის ნიშნები“.
პაატა შეშელიძე: „უფრო მეტი ინფორმაცია უნდა იყოს რა ვალდებულებები გვაქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს თავის დროზეც და ახლაც არის დაზღვევის მექანიზმის ნაწილი. მე არ ვარ ამ ტიპის დაზღვევის მომხრე, მაგრამ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც გაჭირვებულს შედარებით უკეთეს პოზიციაში მყოფის ხარჯზე ეხმარება. ეს გაჭირვებული შეიძლება ხვალ გამდიდრდეს, სხვას დაჭირდეს და თვითონ გახდეს დონორი, ამიტომ მოდი, ასე ობიექტურად შევხედოთ – თუ ჩვენ ზოგადად გვაინტერესებს ასეთი ტიპის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მაშინ რაღაც ახალი გასაღებიც უნდა მივუყენოთ, რომ გვინდა მხარდაჭერა, ოღონდ ისიც, რომ ეს მხარდაჭერა ჩვენი ბაზრების გახსნისთვის გამოვიყენოთ“.
რაზე მუშაობს „ანალიტიკა“ ამ ეტაპზე?
როგორც IDA-ს აქციონერთა დოკუმენტში წერია ეს პერიოდი IDA-ს ახალ კონტრიბუტორებს აძლევს დროს იმისთვის, რომ 5 შევსების შემდეგ, რეალურ დონორებად იქცნენ. ფინანსთა სამინისტროში ესეც ვიკითხეთ – არის თუ არა დღეს საქართველო დონორობის ერთგვარ გარდამავალ ეტაპზე და როცა 5 შევსება გაივლის, რა შეიცვლება საქართველოსთვის ყველაზე ღარიბი ქვეყნების მხარდაჭერის ნაწილში – მოგვიწევს თუ არა ამ ქვეყნების მეტი თანხით დაფინანსება – ამ კითხვაზე პასუხი ფინანსთა სამინისტროს არ დაუბრუნებია. სამწუხაროდ, არც მსოფლიო ბანკის ადგილობრივ ოფისში ჰყავთ ექსპერტი, ვინც უშუალოდ IDA-ს თემებზე მუშაობს, ხოლო ვაშინგტონთან კომუნიკაცია დროითი სხვაობის გამო ოდნავ პრობლემური აღმოჩნდა. ჩვენ გავაგრძელებთ IDA-ს და საქართველოს ურთიერთობების სპეციფიკის კვლევას და დეტალებს, რასაც გავარკვევთ, ცხადია, აუცილებლად გაგიზიარებთ.