მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო Glovo-სთვის ათ წამყვან ბაზარში შედის" - ინტერვიუ საშა მიშოსთან

საშა მიშო

პროდუქტების მიტანის ესპანური სერვისი Glovo ქართულ ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ, ელექტრონული კომერციის ბაზარზე ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ იქცა. როგორც Glovo-ს თანადამფუძნებელმა, საშა მიშომ BMG-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ საქართველოში 58 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა და სახელმწიფო ბიუჯეტში 12 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადა გადასახადების სახით.

კონკრეტულად, რა მიმართულებებით განახორციელა ინვესტიცია Glovo-მ და რამდენად მნიშვნელოვანია ესპანური კომპანიისთვის საქართველო? ამ და სხვა თემებზე BMG კომპანიის თანადამფუძნებელს, საშა მიშოს ესაუბრა.

საშა, ქართულ ბაზარზე Glovo ხუთი წლის წინ გამოჩნდა. რა პროცესები გამოიარა კომპანიამ ამ დროში და როგორი იყო ზრდის დინამიკა?

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ოპერირება დავიწყეთ. Glovo რვა წლისაა და, როგორც იცით, ოპერირება ბარსელონაში დავიწყეთ და სწრაფი ზრდის შემდეგ გადავწყვიტეთ ამ რეგიონში ინვესტიცია განგვეხორციელებინა და საქართველო - პირველი ქვეყანა იყო. ჩვენთვის, საქართველო ძალიან წარმატებული ბაზარია, რომელზედაც წლიდან წლამდე მდგრადად ვიზრდებით და დღეს, საქართველო Glovo-სთვის წამყვან ათ ბაზარში შედის. ამ პროცესში პანდემიაც გამოვიარეთ, რამაც კომპანიის ზრდა დააჩქარა, რადგან ადამიანები სახლში ისხდნენ და უფრო მეტს უკვეთდნენ, მაგრამ ის, რაც პანდემიამ ყველაზე მეტად შეცვალა - “სწრაფი კომერციაა”. ჩვენთვის, ეს ტერმინი გულისხმობს ყველაფერს, სარესტორნო გამოძახებების გარდა, მათ შორის სურსათი, მაღაზიები, მოდის პროდუქტები და მედიკამენტები. პანდემიამ მომხმარებელს ასეთი ტიპის პროდუქტების გამოძახების სერვისით ყიდვა ასწავლა და პირველი რეაქციაა, რომ ეს მუშაობს, თან ეს სერვისი სწრაფია. ახლა, ჩვენი ბიზნესის სწორედ ეს მიმართულება იზრდება ყველაზე სწრაფად. ჩვენი მისიაა, ადამიანებს ყველაფერთან წვდომა მივცეთ მათ ქალაქში და როცა იცი, რაც გინდა და Glovo თითქმის იგივე დანახარჯით მოგიტანს ამ პროდუქტს, რაც შენ დაგიჯდებოდა რომ წასულიყავი, საცობები გაგევლო და რიგში დამდგარიყავი, რატომ არ გამოიძახებ Glovo-ს, თუ სერვისი კარგია და დანახარჯი თითქმის იგივე?

როგორც დღეს გახდა ცნობილი, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში Glovo-მ საქართველოში €58 მილიონის ინვესტიცია განახორციელა და €12 მილიონი გადაიხადა სახელმწიფო გადასახადების სახით. ხომ ვერ მომიყვებით, რა მიმართულებებით განხორციელდა ინვესტიცია?

ლოკალურად დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ, რადგან დიდ ნაწილს წარმოვადგენთ იმ ეკოსისტემების, სადაც Glovo არის წარმოდგენილი. საქართველოში, Glovo თორმეტ ქალაქში ოპერირებს, ასე რომ ინვესტიციის პირველი ნაწილი - საოპერაციო პროცესებისკენ იყო მიმართული, რაც კურიერებს მოიაზრებს. ხუთი ათასზე მეტი კურიერი გვყავს და მათი შემოსავალი და სამუშაო გრაფიკი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, ინვესტიცია განვახორციელეთ გუნდში, და ოფისებსა და მომხმარებლის მხარდაჭერის გუნდში. ორმოცდაათზე მეტი თანამშრომელი გვყავს და მომხმარებლის მხარდაჭერის ძალიან დიდი გუნდი, რომელიც 150 თანამშრომელს აერთიანებს. ასე რომ, ინვესტიცია ადგილობრივი ტალანტის განვითარებაში, ადგილობრივ ხელფასებში განვახორციელეთ. ამასთან, მნიშვნელოვანია მარკეტინგი, მაგრამ არამხოლოდ ონლაინ და ოფლაინ განთავსებები, არამედ აქტიური პარტნიორობაც, რადგან ეს ადგილობრივი ეკოსისტემის განვითარების დიდი ნაწილია.

ახლახან ახსენეთ მომხმარებლის მხარდაჭერის გუნდი. ის ადგილობრივ ბაზარზე არის ორიენტირებული, თუ საქართველოდან ეს მიმართულება სხვა ბაზრებსაც ფარავს?

სხვა რეგიონებსაც ფარავენ, მაგრამ ზოგადად, Glovo-ს ქართული ბიზნესი ძალიან დიდია და შესაბამისად, ოპერაციების დიდი ნაწილი ქართულად იმართება.

საშა, ერთ-ერთი ბრიფინგის დროს განაცხადეთ, რომ საქართველოში Glovo განსხვავებულად ოპერირებს, ვიდრე, მაგალითად, ბარსელონაში ან სხვა ბაზრებზე. რა არის ის უნიკალური თვისებები, რაც ქართულ ბაზარს გამოარჩევს?

ერთი მიმართულება - დამატებითი სერვისების შეთავაზებაა, რასაც სხვა ქვეყნებში არ ვაკეთებთ. საქართველოში რამდენიმე ინიციატივა გვქონდა ფინანსური სერვისების მიმართულებით და ერთ-ერთ უდიდეს ბანკთან, თიბისისთან ვთანამშრომლობთ, რამდენიმე ერთობლივი კამპანიაც ჩავატარეთ. საქართველოში, ძირითადად, ინოვაციურ პროდუქტებს ვტესტავთ, რადგან ქართული საზოგადოება ძალიან ციფრული და ღიაა ინოვაციების მიმართ, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად ვიქცეთ “სწრაფი კომერციის” მიმართულებით. ეს გულისხმობს ყველაფერს, რაც ოცდაათ, ორმოც წუთში შეიძლება მიიღოთ და შესაბამისად, ეს ელექტრონული კომერციის დიდ ნაწილს წარმოადგენს და შესაბამისად, შეგვიძლია დიდ მოთამაშედ ვიქცეთ, მათ შორის ელექტრონული კომერციის მიმართულებით.

საშა, Glovo-ს გარდა, პირადად თქვენ აქტიურად ხართ ჩართული ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში და წლებია, რაც GITA-ს ჟიურის წევრად მუშაობთ. რისი თქმა შეგიძლიათ ქართულ სტარტაპებზე? ხომ არ ჩაგიდიათ ინვესტიცია რომელიმე ქართულ სტარტაპში?

რამდენიმე წელია, რაც ლოკალური სტარტაპ ეკოსისტემის წევრი ვარ და GITA-ს ჟიურის წევრიც ვარ და ვუსმენ სტარტაპებს, რომლებსაც შესანიშნავი იდეები აქვთ. შეიძლება იდეა კარგი იყოს, მაგრამ ბიზნესმოდელი - არა, ასე რომ ხშირად, მათ ერთგვარ წნეხშიც ვამყოფებ. (იცინის.) პირადად მე, რამდენიმე სტარტაპით ვარ დაინტერესებული, მაგრამ, როგორც ენჯელ ინვესტორი, წლებია, ინვესტიციებს ვახორციელებ ჩემს პარტნიორთან და Glovo-ს თანადამფუძნებელთან, ოსკარ პიერთან ერთად. გვინდა, ეს პროცესი გავაგრძელოთ, რისთვისაც ვენჩურული კაპიტალის მცირე ფონდს ვაფუძნებთ, რომელიც €30 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ სტარტაპებში. ძირითადად სამხრეთ ევროპაზე და საფრანგეთზე ვფოკუსირდებით, მაგრამ თუ შესაძლებლობა გამოჩნდება, ინვესტიციას სხვა რეგიონებშიც განვახორციელებთ, მათ შორის საქართველოში. ასე რომ თუ არსებობს ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპი, რომელსაც, ჩვენი აზრით, საერთაშორისო ზრდის დიდი პერსპექტივა აქვს, შესაძლოა, ეს შესაძლებლობად განვიხილოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები