მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველო-ისრაელის სავაჭრო ბრუნვა დაბალია“ - ქაშერი პროდუქტები და ვაჭრობის გაზრდის რესურსები

60fdb83a1ae17
ვიქტორია მღებრიშვილი
26.07.21 10:00
1649
გასულ წელს საქართველო-ისრალს შორის სავაჭრო ბრუნვა 33 მლნ დოლარი იყო. ეს მაჩვენებელი აღემატებოდა როგორც 2019 წლის რიცხვებს 27.7 მლნ დოლარი, ასევე 2018 წლის ბრუნვის მოცილობასაც - 30 მლნ დოლარი, თუმცა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი იციკ მოშე ამ მაჩვენებელს, რომელიც წლების განმავლობაში მცირედით იცვლება „ძალიან დაბალს“ უწოდებს. BMG-სთან საუბრისას ის ამბობს, რომ პრობლემის გამოსწორებისთვის ბევრი მუშაობაა საჭირო.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაზრდის რესურსს ქაშერი, იგივე ორგანული პროდუქტების ქართული წარმოების გაზრდისა და შემდგომში ისრაელის ბაზარზე შესვლაში ხედავს და ამ კუთხით კონკრეტულ მაგალითებსაც ასახელებს.
„საქართველო-ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვა დღემდე ძალიან დაბალია და ამას მუშაობა სჭირდება. როდესაც ჩვენ ვხედავთ პრობლემას, არ ვამბობთ, რომ ეს არ გამოვა, ჩვენ ვამბობთ რის გაკეთებაა საჭირო, რათა ეს პრობლემა გამოსწორდეს.

ჩვენ ისრაელში სულ ახალი პროდუქტის ექსპორტზე გატანისთვის მუშაობა დავიწყეთ, მაგალითად წლის დასაწყისიდან ერთ-ერთი სოფლიდან დღემდე საქართველოდან 30 კონტეინერი სოფლის მეურნეობის ქაშერი პროდუქტი აშშ-სა და ისრაელში გავიდა. ასევე, ოქტომბერში საქართველოდან მაღალი ხარისხის - ქაშერი ღვინო ისრაელში გავა.

იმპორტ-ექსპორტის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვეყანამ ისწავლოს მუშაობა. ამ კუთხით ისრაელმა დიდ ქვეყნებში უფრო კარგად იცის მუშაობა. პატარა ქვეყნებში სხვა ტიპის, სხვა ფორმატის მუშაობაა საჭირო. მჯერა, რომ ისრაელს საქართველოში უფრო მეტი ექსპორტის გაკეთება შეუძლია, რადგან ისრაელური პროდუქტი ხარისხით ევროპულია, ფასით კი თურქეთზე უფრო მაღალი. ისრაელის პროდუქციას საქართველოში თავისი ადგილის დაკავება შეუძლია და პირიქით“, - განმარტა იციკ მოშემ.

ბიზნესპალატის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქართული პროდუქტის ექსპორტის გაზრდისთვის ბაზარი მეტად უნდა იქნას შესწავლილი, რადგან ისრაელში არსებული სტანდარტებისა და რეგულაციების გამო, ამ ბაზრის ათვისებისთვის ბევრი მუშაობაა საჭირო.

„ისრაელში ძალიან დიდი რეგულაციებია, რაზეც მუშაობა საჭიროა. რიგი პროდუქტის შეტანაზე მუშაობა საჭირო, რათა ექსპორტი ნებადართული იყოს, ვინაიდან ისრაელში ძალიან მაღალი სტანდარტებია. მაგრამ ბევრი პროდუქტის შეტანა შეიძლება გაძლიერდეს, მაგალითად ქაშერი - ანუ ორგანული ღვინის შეტანა საქართველოდან ისრაელში, ამას ქართული მხარის მუშაობა სჭირდება. იგივე ნარატივით ვესაუბრებით ისრაელის მხარეს - რას ვერ აკეთებენ იმისთვის რომ ისრაელური პროდუქცია საქართველოში შემოვიდეს. უნდა გამოგზავნონ წარმომადგენლები, შეისწავლონ ბაზარი, რადგან ეს გერმანია ან საფრანგეთი არ არის, ვინაიდან ისრაელიდან ყველაზე მინიმალური შეკვეთა მაგალითად გერმანიაში 10 კონტეინერია, მაშინ როდესაც საქართველოში პირველი შეკვეთა შეიძლება კონტეინერის მეათედი იყოს. ამას საქართველოში ჩამოსვლა და ამ საკითხზე მუშაობა, საქართველოს ბიზნეს კულტურის გაცნობა სჭირდება, ამიტომ ჩვენ ამ ენერგიას არამხოლოდ საქართველოში, არამედ ისრაელშიც ვხარჯავთ. ისრაელში ჩვენ შეხვედრები ექსპორტის ინსტიტუტთან, სავაჭრო პალატასთან გვაქვს. ორმხრივი ურთიერთობები ეს ჩვენი სიბრტყეა. ვიცით კარგად რა პოტენციალია და რა უნდა გაკეთდეს“, - უთხრა BM.GE-ის საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა.

ქაშერი ღვინის გარდა, ექსპორტის მაჩვენებლების გაუმჯობესების რესურსს იციკ მოშე სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაში ხედავს.

„მჯერა, ღვინოზე ბევრად მეტად შეიძლება მუშაობა. ქაშერი ღვინო ეკოლოგიურად სუფთა, იგივე ქართული დამუშავებით წარმოებული ღვინოა, რომელმაც 3 საერთაშორისო პრიზი მოიპოვა. თუ ადრე ასეთ ღვინოს სახლებში ამზადებდნენ, დღეს უკვე ეს პროდუქტი ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანია „ბადაგონმა“ დაამზადა.

იმისთვის, რომ წელიწადში ისრაელში 1 მლნ ბოთლი ქართული ღვინო გავიდეს, ნაცვლად 10 000-სა, ამას ქართული მხარის ჩართულობა სჭირდება; საჭიროა რეკლამა. ხედვა, რომ ისრაელი მეგობარი ქვეყანაა და ქართულ ღვინოზე რიგი იქნება - ტყუილია. ჩვენ უნდა შევძლოთ, ქართულ მხარეს დავანახოთ რეალური ისრაელი, რასაც „ისრაელის სახლის“ მეშვეობით ვაკეთებთ. ისრაელში პროდუქტი მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩადის. ისრაელი ძალიან ბევრ სფეროში წამყვანი ქვეყანაა. იმისთვის, რომ ქართულმა პროდუქტმა ისრაელში ადგილი მოიპოვოს, ამას ძალიან ბევრი მუშაობა სჭირდება, ამას ქართული ენერგია და სახსრები ესაჭიროება, რათა ისრაელში გაიგონ, რომ ქართული პროდუქტი სუფთა და ეკოლოგიურად კარგია. ამის შემდეგ ქართული პროდუქტი უფრო მეტი რაოდენობით გაიყიდება.

საქართველოში ძალიან ბევრი პროდუქტის გადამუშავება შეიძლება, რადგან აქ მსხალს და ვაშლს ნამდვილი გემო აქვს, ძალიან ბევრ ქვეყანაში მსხალს, ვაშლს, კიტრსა და პომიდორს ერთი და იგივე გემო აქვთ, ფორმაა სხვადასხვა, ხოლო საქართველო ჯერ კიდევ იმ ეტაპზეა, სადაც პროდუქტებს განსაკუთრებული გემო აქვთ. შეიძლება, აქ დამუშავდეს პროდუქტი და ისრაელში გაკეთდეს ექსპორტი“, - განმარტა იციკ მოშემ და დასძინა, რომ სოფლის მეურნეობის გარდა, ექსპორტის მაჩვენებლების გაზრდა ხელოვნების მიმართულებითაც შეიძლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები