ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველო-ისრაელის ეკონომიკური პარტნიორობა წლებთან ერთად უფრო ღრმავდება. ისრაელში მიმდინარე საომარი მოქმედებების მიუხედავად, ვაჭრობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
ისრაელი საქართველოს FDI-ის ათეულში არც გასულ წელს და არც იქამდე არ ყოფილა. საქართველოში პირდაპირი ისრაელური ინვესტიციების შემოდინება მცირე მოცულობებით 2001 წლიდან დაიწყო და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში ყველაზე მეტი ინვესტიცია 2015 წელს 37 მლნ 661 ათასი დოლარის მოცულობით ჩაიდო. 2023 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოში ისრაელიდან 22.8 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.
სავაჭრო ბრუნვა
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველო ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვა 2009 წლის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელზეა. 15 წლის წინ, ორ ქვეყანას შორის ბრუნვის მაჩვენებელი 14.5 მლნ აშშ დოლარი იყო, წელს კი, 8.2 მლნ აშშ დოლარია. აქედან იმპორტი 2.4 მლნ აშშ დოლარია, ექსპორტი კი, 5.8 მლნ აშშ დოლარი.
2024 წელს TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი:
- სარეცხი და საწმენდი საშუალებები - $312.7 ათასი;
- ტელე-რადიო აპარატურის ნაწილები - $298 ათასი;
- საფრენი აპარატების ნაწილები - $263.9 ათასი;
- კოსმეტიკური,ან კანის მოვლის საშუალებები - $195.1 ათასი;
- სამაგრი არმატურა, ფურნიტურა და ანალოგიური ნაწარმი არაძვირფასი ლითონებისაგან - $161 ათასი.
2024 წელს TOP-5 საექსპორტო პროდუქტი:
- ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 1.3 მლნ აშშ დოლარი;
- აპარატურა გადამცემი რადიოსატელეფონო, რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიისათვის - $280 ათასი;
- ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - $517.8 ათასი;
- ფეროშენადნობები - $427.6 ათასი;
- საფრენი აპარატების ნაწილები - 409.8 ათასი.
გასულ წელს ჯამურად საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვამ 36.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 4.3%-ით ნაკლებია.
ტურიზმი
სტატისტიკის მიხედვით, ისრაელელებისთვის საქართველო ტურისტულად ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა. ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 3.3%-ით მეტი, 207 065 ათასი ტურისტი შემოვიდა. ზრდა პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით 5.9%-ია. გასულ წელს, ისრაელი ტურიზმის სტატისტიკაში ვიზიტორთა სიმრავლით მეოთხე ადგილზეა.
გასული წლების დეტალური მონაცემები კი შემდეგია:
- 2019 წელი - 205 051 ვიზიტორი;
- 2020 წელი - 25 731 ვიზიტორი;
- 2021 წელი - 100 686 ვიზიტორი;
- 2022 წელი - 210 178 ვიზიტორი.
ფულადი გზავნილები
2024 წლის თებერვალში, საქართველოში ისრაელიდან 20.4 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა, რაც მთლიანი გზავნილების 7.5%-ია, გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით კი, ზრდა 24.5%-ია. ისრაელი ამ სტატისტიკაშიც მეოთხე ადგილზეა.
2023 წელს ისრაელის გზავნილებმა ჯამურად 215.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელზე 7.4%-ით მეტია. 2022 წელს გზავნილებმა 199 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2021 წელს კი, 187.