ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერის ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, 1 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვია. ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა: „ჩვენ დიდ ყურადღებას ვანიჭებთ შუა დერეფნის განვითარებას და კარგი გეგმა გვაქვს მისი განვითარებისთვის. გასულ წელს ხელი მოვაწერეთ შესაბამის გზამკვლევსაც (საგზაო რუკას), რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ამ დერეფნის განვითარებისთვის... მჯერა, ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა იქნება ისეთივე ნაყოფიერი, როგორიც აქამდე იყო და როგორიც ახლაა“. ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა კი განაცხადა, რომ მხარეებმა ურთიერთქმედების საკითხების მთელი სპექტრის განხილვა შეძლეს და კონკრეტულ ზომებზე ურთიერთქმედების გააქტიურების მიზნით იმუშავეს. ყაზახეთის პრემიერის თქმით, საქართველო სამხრეთ კავკასიაში ყაზახეთის სანდო პარტნიორია და ტრადიციული და მაღალი დონის ინტერაქცია კიდევ უფრო აძლიერებს შეხვედრების ინტენსივობას.
სავაჭრო ბრუნვა
საქართველოს და ყაზახეთის მთავრობის ხელმძღვანელი პირების გახშირებული ვიზიტების პირობებში, ცენტრალური აზიის ქვეყანა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების რეიტინგში 3.1%-იანი წილით მერვე ადგილს იკავებს. 2023 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 231%-ით 315 მლნ 565 ათას დოლარამდე გაიზარდა.
ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ მიმდინარე წლის ყაზახეთთან მზარდი სავაჭრო კავშირები მხოლოდ და მხოლოდ ავტომობილების რეექსპორტით არის განპირობებული. შედეგად 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ამ მიმართულებით 300 მლნ 616 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რომლის ძირითადი ნაწილი მსუბუქი ავტომობილებია. წლის პირველ ნახევარში ექსპორტი 280.4%-ით გაიზარდა და ყაზახეთმა მთლიან ექსპორტში 9.2%-იანი წილით მეოთხე ადგილი დაიკავა.
ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული:
1. მსუბუქი ავტომობილები - 235.7 მლნ დოლარი;
2. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 16 მლნ დოლარი;
3. მინერალური და მტკნარი წყლები - 9.1 მლნ დოლარი;
4. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 7,1 მლნ დოლარი;
5. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 5.3 მლნ დოლარი;
6. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 4.3 მლნ დოლარი;
7. სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის - 3.4 მლნ დოლარი;
8. ციანიდები, ოქსიდციანიდები, კომპლექსური ციანიდები - 2.3 მლნ დოლარი;
9. ეთილის სპირტი არადენატურირებული - 1.8 მლნ დოლარი;
10. ლუდი - 1.7 მლნ დოლარი.
რაც შეეხება იმპორტს, წლის პირველ ნახევარში ყაზახეთიდან საქონლის იმპორტი 8.2%-ით 14 მილიონ 949 ათასი დოლარამდე შემცირდა.
იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული ასეთია:
1. ქაღალდი და მუყაო არაცარცირებული გამოსაყენებელი საწერად - 1.4 მლნ დოლარი;
2. პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები, მდოგვი - 1.2 მლნ დოლარი;
3. მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 1.1 მლნ დოლარი;
4. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 942 ათასი დოლარი;
5. სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 751 ათასი დოლარი;
6. ნაწარმი სხვა შავი ლითონებისაგან - 744 ათასი დოლარი;
7. საფრენი აპარატების ნაწილები - 663 ათასი დოლარი;
8. ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები - 556 ათასი დოლარი;
9. ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 497 ათასი დოლარი;
10. კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან, ნახშირი რეტორტისა - 432 ათასი დოლარი.
ინვესტიციები
საქართველოში ყაზახური ინვესტიციების შემოდინება 2005 წლიდან დაიწყო და მეორე 2006 წელს ურთიერთობის ისტორიაში ყველაზე დიდი თანხა 161 მლნ დოლარი შემოვიდა. რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს, ამ პერიოდში საქართველოში ჩადებული ყაზახური ინვესტიციის მოცულობამ 19 მილიონ 979 ათასი დოლარი შეადგინა.
ტურიზმი
ყაზახეთიდან ტურიზმის მაჩვენებლები ზრდის დინამიკით ხასიათდება. წლის პირველ ნახევარში ყაზახეთიდან საქართველოში 57 771 ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელს 73.6%-ით, ხოლო 2022 წლის ვიზიტებს 27.3%-ით აღემატება.