საქართველო ხვალ, შესაძლოა, გახდეს ამერიკის დიდი წარმატება, ან პირიქით – დიდი პრობლემა კავკასიის რეგიონში, სადაც რუსეთს ყოველთვის უპირატესობის მოპოვება სურს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში ვიზიტისას Foxnews-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი, საქართველოში, ისე როგორც რუმინეთსა და მოლდოვაში, ახალ სტრატეგიას იყენებს – უგულებელყოს ამ ქვეყნების დემოკრატია და კონსტიტუცია, გაყალბებული არჩევნების გზით შეეცადოს სათავეში მოიყვანოს საკუთარი მარიონეტული რეჟიმები, რომლებიც მისი ერთგულები იქნებიან.
"მომავალი ადმინისტრაციისთვის ეს მთავარი საკითხი იქნება. ამერიკა ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს გვერდით იდგა. საქართველო ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი დახმარების მიმღები ქვეყანაა, რადგან ის ამერიკისთვის წარმოადგენს სტრატეგიულ ინტერესებს, ენერგო, სავაჭრო და ცენტრალური აზიასთან დამაკავშირებელ გზას. ეს არის ქვეყანა, რომელიც ამ რეგიონში დემოკრატიისა და საერთო ღირებულებების საყრდენად ითვლებოდა. საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა სომხეთთან ერთად. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ უძველესი, ისინი ამბობენ, რომ ისინი არიან, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე უძველესი ქრისტიანული სახელმწიფო ვართ და ეს ერთმანეთთან მტკიცედ გვაკავშირებს. ჩვენ გვჭირდება ამერიკა, მაგრამ ვფიქრობ, ამერიკასაც ვჭირდებით ჩვენ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა კითხვას იმაზე, თუ რა უნდა იცოდნენ ამერიკელებმა იმ რისკებზე, რაც საქართველოს მთავრობის რუსეთთან, ირანთან და და ჩინეთთან კავშირებს ეხება, ასე უპასუხა:
"ეს ნიშნავს, რომ ამერიკა კავკასიის ცენტრალურ რეგიონში საკუთარ სტრატეგიულ ინტერესებს დაკარგავს. და ეს მხოლოდ კავკასიას არ ეხება – საკითხი შავი ზღვის რეგიონსაც მოიცავს. უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული აგრესიული ომის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ შავი ზღვაა. იგივე მიზანს ემსახურება რუმინეთსა და მოლდოვაში არჩევნების გაყალბების მცდელობები. შავი ზღვა ამერიკისთვის სტრატეგიული სივრცეა. ჩვენ შავ ზღვაში დიდი პორტები გვაქვს, რომლებიც შესაძლოა ჩინეთს გადაეცეს. ეს სწორედ იმ დე ფაქტო მთავრობის გეგმებშია, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებაშია. ამრიგად, ამ რეგიონში აშშ-ის ინტერესებთან ერთად ევროპის ინტერესებიც სასწორზე დევს".