საქართველო მიზნად ისახავს მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტი ჩინელი მოგზაური მოიზიდოს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ბოლო წლებში ჩინეთიდან ტურიზმში არსებულ დადებით დინამიკაზე ისაუბრა.
„საქართველო კვლავ ერთგული რჩება ჩინეთის ბაზარზე თავისი ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ადგილის პოზიციის განმტკიცების მიმართ. ბოლო წლებში შეიმჩნევა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების დადებითი ტენდენცია. 2025 წლის პირველ სამ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტები 45 %-ით გაიზარდა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველო მიზნად ისახავს, კიდევ უფრო გაზარდოს ცნობადობა მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზებების შესახებ და მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტი ჩინელი მოგზაური მოიზიდოს“, - განაცხადა კობახიძემ.
„ოცნების“ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ასევე მიესალმება ჩინური ინვესტიციების დადებით ტენდენციას, რომელმაც 2025 წელს მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა.
„გარდა ამისა, საქართველო მიესალმება ჩინური ინვესტიციების ბოლოდროინდელ დადებით ტენდენციას, რომელმაც 2025 წელს მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. თუმცა კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი უფრო ღრმა თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით ისეთ ძირითად სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, სტუმარმასპინძლობა, სადაც ჩინური საწარმოების მონაწილეობა წახალისებულია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2021-დან 2024 წლამდე საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი დააფიქსირა.
„ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სხვადასხვა სექტორში მიღწეული წინსვლა სრულად შეესაბამება საქართველოს ფართო ეკონომიკურ მუხტს, რაც აძლიერებს ქვეყნის მიერ ბოლო წლებში შენარჩუნებულ დადებით ტრაექტორიას. გლობალური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, საქართველო კვლავაც სტაბილური და საიმედო საყრდენის როლს ასრულებს რეგიონში. მდგრადი პროგრესის მკაფიო ხედვით ხელმძღვანელობის პირობებში, ქვეყანამ შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მიაღწია შთამბეჭდავ ზრდას და აჩვენა მდგრადობა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2021-დან 2024 წლამდე საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი დააფიქსირა, საშუალო წლიური 9.7%-ით და 2025 წლისთვის 7.2 %-იანი პროგნოზით; საშუალოვადიანი ზრდა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საშუალოდ 5.1%-ს შეადგენს“, - აღნიშნა პრემიერმა.
ჩინეთის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გასული წლის თებერვალში შემოიღო, რის შემდეგაც ჩინეთში ვიზიტი 30 დღის ვადით უვიზოდაა შესაძლებელი. 2023 წელს საქართველოს მთავრობამ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, წელს, 9 თვეში ჩინეთი მე-10 ადგილზეა საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების სტატისტიკაში - 96 333 ვიზიტით. მაჩვენებელი წლის ჭრილში 45%-ით არის გაზრდილი.
გასული 2024 წელი კი რეკორდული იყო - ჩინეთიდან 83%-ით მეტი, 88 583 ვიზიტი განხორციელდა.




























