2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან 93.2 მლნ დოლარის ღირებულების 219 086 ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი 12 ქვეყანაში განხორციელდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ კონკრეტული პროდუქტის მთლიან ექსპორტში, ადგილობრივად წარმოებული ნავთობპროდუქტების გადაზიდვებს 94.4% უკავია. კერძოდ, წელს, საქართველოში წარმოებული ნავთობპროდუქტების ექსპორტი 2 175%-ით 88 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ამგვარად, ამ პროდუქტმა ადგილობრივი ექსპორტის მიხედვით, უმსხვილესი საქონლის რეიტინგში, თურქეთის შემდეგ 13.3%-იანი წილით მეორე ადგილი დაიკავა.
უფრო კონკრეტულად საქართველოდან იანვარში ექსპორტზე $56.2 მილიონის 144 959 ტონა, ხოლო თებერვალში $31.8 მილიონის 68 436 ტონა ნავთობპროდუქტები გავიდა.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოდან ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტი 2025 წლის ბოლო კვარტალში გააქტიურდა. კერძოდ ნოემბერში ის 30.1 მილიონ დოლარს, დეკემბერში კი 31.9 მილიონ დოლარს შეადგენდა. აღნიშნული ემთხვევა ყულევში "ბლექ სი პეტროლიუმის" ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მიერ ოპერირების დაწყებას.
2026 წლის იანვარ-თებერვლის სტატისტიკას თუ შევხედავთ, ქართული ნავთობპროდუქტების საექსპორტო ქვეყნების ათეულში, დასავლეთ აფრიკული ერთ-ერთი პატარა სახელმწიფო ტოგო ჩნდება, რომელზეც ნავთობპროდუქტების ექსპორტის მეხუთედი მოდის.
აფრიკული ქვეყნების განას, ბენინის და ბურკინა-ფასოს მეზობელ სახელმწიფოში, რომელიც გვინეის ყურეზე გადის, საქართველოს, ვაჭრობის ისტორიაში, რაიმე სახის ექსპორტი ან იმპორტი არ ჰქონია. შესაბამისად, ეს საქართველოდან ტოგოში ადგილობრივი ნავთობპროდუქტების ექსპორტის პირველი შემთხვევაა.
რაც შეეხება ადგილობრივად წარმოებული ნავთობპროდუქტების სხვა საექსპორტო მიმართულებებს, ტოგოზე მეტი ნავთობი მხოლოდ თურქეთში გავყიდეთ.
ადგილობრივი ექსპორტის მიხედვით, ნავთობპროდუქტების საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი ასე გამოიყურება:
- თურქეთი - $24.3 მლნ, 63 530 ტონა;
- ტოგო - $19 მლნ, 32 099 ტონა;
- მალტა - $16.5 მლნ, 31 226 ტონა;
- სინგაპური - $11.8 მლნ, 37 932 ტონა;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - $11.8 მლნ, 34 816 ტონა;
- კვიპროსი - $3.5 მლნ, 13 164 ტონა;
- უზბეკეთი - $338 ათასი, 181 ტონა;
- სომხეთი - $228 ათასი, 281 ტონა;
- უკრაინა - $210 ათასი, 119 ტონა;
- ყაზახეთი - $48 ათასი, 19 ტონა.
- აზერბაიჯანი - $35 ათასი, 21 ტონა;
- ჩინეთი - $29 ათასი, 2 ტონა.




























