მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო ქუვეითთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას გეგმავს - ამჟამად ვაჭრობის დიდი წილი ცხვრების ექსპორტზე მოდის

ქუვეითი

საქართველოს მთავრობა ქუვეითთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას გეგმავს. კერძოდ, საქართველოსა და ქუვეითის მთავრობებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტი იქმნება. შესაბამისი განკარგულება ირაკლი კობახიძემ 29 სექტემბერს გამოსცა.

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნოტების გაცვლის გზით, გაიმართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფო მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის შექმნის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტის მიღების მიზნით“, - აღნიშნულია განკარგულების ტექსტში.

როდის იწყება მოლაპარაკება და კონკრეტულად რა კუთხით იგეგმება ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება ქუვეითთან, უცნობია. შესაბამისი კითხვით bm.ge-მ ეკონომიკის სამინისტროს უკვე მიმართა. თუმცა ცნობილია, რომ "ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქუვეითის პრემიერს, აჰმედ ალ აბდულა ალ აჰმედ ალ საბაჰს მიმდინარე წლის თებერვალში შეხვდა. როგორც მაშინ მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინებოდა, შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკას და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. მაშინ ასევე, საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს და სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ტურიზმის, უძრავი ქონებისა და ენერგეტიკის სექტორებში ინვესტირების შესაძლებლობებს. აღინიშნა, რომ ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია და ამ კუთხით ქუვეითის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გაღრმავება პრიორიტეტულია.

რაც შეეხება საქართველო-ქუვეითის ამჟამინდელ ეკონომიკურ კავშირებს რიცხვებში, შემდეგნაირად გამოიყურება:

ვაჭრობა

ქუვეითსა და საქართველოს შორის ვაჭრობის მოცულობა მცირეა, თუმცა მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში მატება დაფიქსირდა. კერძოდ, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ქუვეითთან 1,583 მლნ აშშ დოლარის ივაჭრა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ვაჭრობამ 1 ,02 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ვაჭრობის მოცულობა უფრო მეტი - 2,609 მლნ აშშ დოლარი იყო.

ვაჭრობაში ექსპორტს უკავია თითქმის სრული მოცულობა (მიმდინარე წლის რვა თვეში 1,549 მლნ აშშ დოლარი). ხოლო ექსპორტის მთლიან მოცულობაში ცხვრების ექსპორტს.

TOP-5 საექსპორტო პროდუქტი შემდეგია:

  1. ცხვრები და თხები ცოცხალი - 801 800 აშშ დოლარი
  2. ნივთიერებები შემკვრელი მზა, სამსხმელო ფორმების წარმოებაში გამოსაყენებელი - 482 600 აშშ დოლარი
  3. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 93 200 აშშ დოლარი
  4. ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - 55 800 აშშ დოლარი
  5. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 45 500 აშშ დოლარი

რაც შეეხება იმპორტს, მისი წილი მთლიან ვაჭრობაში უმნიშვნელოა და მიმდინარე წლის მონაცემით, მხოლოდ 34 100 აშშ დოლარს შეადგენს. ქუვეითიდან წელს მხოლოდ 21 000 აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები შემოვიტანეთ, ასევე 10 000 დოლარის ლითონური ქსოვილი გისოსები და შავი ლითონებსაგან დამზადებული მავთულის ბადეები და შემოსაღობები. კიდევ უფრო მცირე მაჩვენებელი აქვს პირადი ნივთების და ფეხსაცმლის იმპორტს.

ტურიზმი

ტურიზმი ქუვეითიდან შემცირებულია. წელს პირველ და მეორე კვარტალში ქუვეითიდან 9 423 ვიზიტი დაფიქსირდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ამ ქვეყნიდან ვიზიტების რაოდენობა 11 032 იყო. შესაბამისად, კლება 14,6%-ია.

რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, საქსტატს ქუვეითი სტატისტიკაში შეყვანილიც კი არ ჰყავს, რაც იძლევა იმის დასკვნის საშუალებას, რომ ამ ქვეყნიდან FDI არ შემოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები