მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-რუმინეთს შორის საბორნე ხაზი 2023 წლის შემოდგომაზე გაიხსნება - როგორი იქნება სიხშირე?

642fe3f6e37e1
ვიქტორია მღებრიშვილი
08.04.23 00:30
2647
2023 წელს საქართველო – რუმინეთს შორის საბორნე ხაზი გაიხსნება და ამ საზღვაო გზით საქართველო ევროკავშირის კიდევ ერთ წევრ ქვეყანას დაუკავშირდება. საბორნე ხაზის ამოქმედება მიმდინარე წლის შემოდგომიდანაა მოსალოდნელი და ის ფოთი-კონსტანცას პორტებს დააკავშირებს. აღნიშნულ საკითხზე ახალი საზღვაო მარშრუტის ოპერატორმა კომპანია „პონტოს მერითაიმის“ ხელმძღვანელმა პაატა დაიაურმა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, საბორნე მიმოსვლის დაწყების იდეა 2017 წელს გაჩნდა და ამ შედეგამდე მისასვლელად საქართველო-რუმინეთს შორის რამდენიმეწლიანი მოლაპარაკებები იყო საჭირო, რომელიც 2018 წელს დაიწყო. პაატა დაიაური აღნიშნავს, რომ საქართველო-რუმინეთის საბორნე ხაზის ამოქმედებას ხელი პანდემიამ შეუშალა, თუმცა წელს ყველა საკითხის გადაჭრა დასრულდება.

„გუშინ პორტის ოპერატორთან მქონდა შეხვედრა. სექტემბრისთვის ისინი მზად იქნებიან და იმედი მაქვს, ოქტომბრისთვის პირველ ცურვას განვახორციელებთ. ალბათ, მეოთხე კვარტალში პირველი ბორანიც გავა. პირველი სამი თვის მანძილზე, ჩვენ კვირაში მხოლოდ ერთი რეისის შესრულებას მოვახერხებთ, შემდეგ კი ორ კვირაში სამი ცურვის განხორციელებას ვეცდებით. მეტის საშუალებას არსებული ინფრასტრუქტურა და ბარიერები სამწუხაროდ, არ გვაძლევს. იდეალურ მოცემულობაში შესაძლებელია 2-ჯერ ცურვაც.

ეს მარშრუტი ძალიან მოთხოვნადი იქნება. მოგეხსენებათ, თურქეთის მიმართულებით სახმელეთო მარშრუტზე და ომამდე რუსეთი-ბელარუსის გავლით ძალიან ბევრი ტვირთი მიედინებოდა, ბალკანეთის ქვეყნებისკენ. ჩვენ ერთ-ერთი ქართული ოპერატორი კომპანია ვართ, რომელიც შავ ზღვაზე იქნება და ჩვენი მისია, სახმელეთო მარშრუტიდან ტვირთების საზღვაო მარშრუტზე გადმორთვაა, რომელიც უფრო ეფექტურია. ტვირთის ჩატანა ისეთივე მარტივი უნდა იყოს ბუქარესტსა და ბუდაპეშტში, როგორც პირობითად სარატოვსა თუ როსტოვში“, - ამბობს პაატა დაიაური.

„პონტოს მერითაიმის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ საბორნე ხაზის ამოქმედებით ბიზნესს ტვირთების მიღება და გაგზავნა იმაზე მოკლე ვადებში შეეძლებათ, ვიდრე ეს სახმელეთო გზით ხდება. ამასთან ის აღნიშნავს, რომ ზღვით გადაზიდვები ბიზნესს ფსიქოლოგიურ ბარიერებს მოუხსნის, რომლებსაც სახმელეთო გადაზიდვების დროს აწყდებიან.

„საქართველოს ევროკავშირთან პირდაპირი საზღვაო საზღვარი აქვს. ზღვაზე სიურპრიზები ნაკლებადაა, ჩვენი პორტის დაკეტვის დღეებიც ძალიან მწირია და ერთ დღეზე მეტ ხანს არ იკეტება, შესაბამისად, სიურპრიზები ბიზნესს არ ექნება. თუ ცენტრალური ევროპიდან, სატვირთოს ახლა 10-12 დღე სჭირდება, ჩვენს შემთხვევაში ეს იქნება ნახევარი პერიოდი, ბიზნესისთვის კი დრო უაღრესად მნიშვნელოვანია. თუ თქვენ ბიზნესის ექსპორტიორი ან იმპორტიორი ხართ, გზაში დაკარგული დრო გაჩერებული კაპიტალია და სანდო მოძრაობა, გრაფიკის მიხედვით უაღრესად მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით არ გვაქვს ათვისებული ის პოტენციალი, რომელსაც შავი ზღვა გვაძლევს და ვცდილობთ ამ მიმართულებით ვიყოთ ხიდი და ბიზნესს ავუხსნათ, რომ ევროკავშირში ტვირთის გატანა ძალიან მარტივია. ეს ბარიერები, რომელიც სარფის და ვალეს გამშვებ პუნქტებზე რიგების გამო იქმნება, ეს ფსიქოლოგიური ბარიერები მოვუხსნათ ბიზნესს“, - განმარტავს კომპანიის ხელმძღვანელი.

პაატა დაიაურის ინფორმაციით, საზღვაო ტრანსპორტის განვითარების სააგენტომ სტრატეგიული განვითარების კონცეფცია გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზნად განსაზღვრულია 2024 წლისთვის ბორნებისთვის ცალკე ტერმინალისა და ნავმისადგომი მიზანშეწონილობის ანგარიშის და კვლევის დასრულებაა გაწერილი, რადგან ბათუმის და ფოთის პორტის სატვირთო ძველი პორტებია და საკმარისი ტერიტორია არ აქვთ. ის ამბობს, რომ ეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივაა, რითიც სამომავლოდ შესაძლოა „პონტოს მერითაიმიც“ დაინტერესდეს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები