მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაზე მუშაობა ორივე მხარის სურვილია - აბაშიძე

5edf7cc494562
ვიქტორია მღებრიშვილი
09.06.20 16:10
1511
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღგენაზე მუშაობის სურვილი ორივე ქვეყნის მთავრობებში არის, თუმცა კონკრეტული მოლაპარაკებები ამ საკითხზე პანდემიიდან გამომდინარე, არ მიმდინარეობს. ამის შესახებ მან BM.GE-ს განუცხადა.

"კონკრეტული მოცემულობა ჯერ ნამდვილად არ არის. ორივე მხრიდან ზოგადად გამოთქმულია სურვილი იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მოგვცემს შესაძლებლობას, დავიწყოთ მუშაობა ავიამიმოსვლის აღდგენაზე. როდის დადგება ეს მომენტი, კონკრეტული თარიღების დასახელება ჩვენც გვიჭირს და რუსეთის მხარესაც. მზაობა არის, მაგრამ რაღაც გადაწყვეტილება რომ იყოს ამასთან დაკავშირებით მიღებული და უკვე ვმუშაობდეთ პრაქტიკულად, ასე არ არის", - აცხადებს ზურაბ აბაშიძე და განმარტავს, რომ "ფრენის აღდგენის შემთხვევაში, ეს იქნება ორმხრივი და პარიტეტულ საწყისებზე, როგორც აქამდე იყო".

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის შემოდგომიდან აღდგენას შეეხებოდა და აღნიშნა, რომ ფრენების აღდგენის თარიღის განსაზღვრა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების პრეროგატივაა.

"ეს არაკომერციული ასოციაციაა, საკმაოდ დიდი და გავლენიანი, თუმცა ეს არ არის რუსეთის ხელისუფლება. კარგია რომ ასოციაცია ამ აზრზეა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ასეთი გადაწყვეტილების მიღების პრეროგატივა აქვს მთავრობას", - თქვა აბაშიძემ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები