სს „გაერთიანებულმა ენერგეტიკულმა სისტემამ საქრუსენერგო“ 2025 წელი 36.8 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა, რაც წინა წლის შედეგზე სამჯერ მეტია. კომპანიის აუდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2024 წელს „საქრუსენერგოს“ წმინდა მოგება 11.3 მილიონ ლარს შეადგენდა.
მოგების ზრდის მთავარი ფაქტორი გადამცემი ხაზების იჯარიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი მატება გახდა. 2025 წელს კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა 55.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია.
„საქრუსენერგო“ 1996 წელს საქართველოს მთავრობასა და რუსეთის მხარეს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების საფუძველზე დაფუძნდა. კომპანიის 50%-ს საქართველოს სახელმწიფო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახით ფლობს, ხოლო მეორე 50%-ის მფლობელია რუსული სს „ერთიანი ენერგეტიკული სისტემის ფედერალური ქსელური კომპანია“ (FGC UES PJSC).
კომპანია ფლობს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ინფრასტრუქტურას, მათ შორის საქართველო-რუსეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ ხაზ „კავკასიონს“, ასევე საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-სომხეთის მიმართულების ელექტროგადამცემ ხაზებს. 2021 წლის ივლისიდან ეს აქტივები იჯარით გადაცემულია სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაზე“ (GSE), რაც კომპანიის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს.
2025 წელს „საქრუსენერგოს“ საიჯარო შემოსავალი 42.8 მილიონ ლარამდე გაიზარდა, მაშინ როცა 2024 წელს ეს მაჩვენებელი 19.4 მილიონი ლარი იყო.
კომპანიის განმარტებით, ზრდა დაკავშირებულია GSE-სთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების ცვლილებასთან, რომელიც 2025 წლის იანვრიდან ამოქმედდა. ცვლილების შედეგად, ყოველთვიური საიჯარო ანაზღაურება 2.48 მილიონი ლარიდან 4.49 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ამასთან, მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, ძირითადად სარემონტო და ტექნიკური მომსახურების მიმართულებით, კომპანიამ 12.5 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. 2024 წელს ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი 11.7 მილიონ ლარს შეადგენდა.
შემოსავლების ზრდის ფონზე, კომპანიის საოპერაციო მოგებამ 28.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2024 წლის 5.9 მილიონ ლარს.
საოპერაციო შედეგს დამატებული 8.4 მილიონი ლარის ფინანსური შემოსავალი, რომელიც ძირითადად საბანკო დეპოზიტებზე დარიცხულ საპროცენტო შემოსავალს მოიცავს, გადასახადამდე მოგებამ 36.9 მილიონ ლარს მიაღწია. 73 ათასი ლარის მოგების გადასახადის შემდეგ, კომპანიის წმინდა მოგება 36.8 მილიონი ლარი გახდა.
2025 წელს „საქრუსენერგოს“ ყველაზე დიდი საოპერაციო ხარჯი დასაქმებულთა ანაზღაურება იყო. კომპანიამ ხელფასებსა და სხვა შრომით ხარჯებზე 14.8 მილიონი ლარი დახარჯა, მაშინ როცა 2024 წელს ეს მაჩვენებელი 13.6 მილიონი ლარი იყო.
ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯმა 5.8 მილიონი ლარი შეადგინა, შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების ხარჯებმა 2.4 მილიონი ლარი, ხოლო სხვა საოპერაციო ხარჯებმა, მათ შორის გადასახადებმა, ტრანსპორტირებამ, დაზღვევამ და პროფესიულმა მომსახურებებმა 4.5 მილიონი ლარი.
2025 წლის ბოლოს კომპანიის მთლიანმა აქტივებმა 219.3 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2024 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 182.4 მილიონი ლარი იყო.
აქტივების ყველაზე დიდი ნაწილი ძირითად საშუალებებზე მოდის 116.6 მილიონი ლარი. მათ შორისაა კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურა.
კომპანიის ფულადმა სახსრებმა და საბანკო ანგარიშებზე არსებულმა ნაშთებმა 90.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის 62.3 მილიონ ლარზე მეტია. ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 70 მილიონი ლარი სს „ბაზისბანკში“ არის განთავსებული წლიური 11.5%-იანი საპროცენტო განაკვეთით.
ამავე პერიოდში „საქრუსენერგოს“ ვალდებულებები მინიმალურ დონეზე დარჩა და 910 ათასი ლარი შეადგინა. მათ შორის 730 ათასი ლარი საიჯარო ვალდებულებებია, რომლებიც ოფისისა და საწყობის მიწის ნაკვეთებს უკავშირდება. კომპანიას საბანკო სესხები არ აქვს.
წლის ბოლოს კომპანიის საკუთარი კაპიტალი 218.4 მილიონ ლარს შეადგენდა. დაგროვილი დეფიციტი, რომელიც 2024 წელს 50.6 მილიონ ლარს შეადგენდა, 2025 წლის ბოლოს 13.8 მილიონ ლარამდე შემცირდა. კომპანიის აქციონერებს დივიდენდი არც 2025 და არც 2024 წელს არ მიუღიათ.
2026 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა GSE-სთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების მორიგი ცვლილება, რომლის მიხედვითაც ყოველთვიური ანაზღაურება 3.04 მილიონ ლარამდე განისაზღვრა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2030 წლის ბოლომდეა.
კომპანიის მმართველობით ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2026 წლისთვის „საქრუსენერგო“ 15.4 მილიონი ლარის წმინდა მოგებას და 21.7 მილიონი ლარის EBITDA-ს ელოდება, რაც 2025 წლის შედეგებზე დაბალი მაჩვენებელია.
ანგარიშგებაში ასევე აღნიშნულია, რომ ფინანსური ანგარიშგების მომზადების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში გაძლიერებულმა გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ კომპანიის ოპერაციებზე, ფინანსურ მდგომარეობასა და ლიკვიდობაზე არსებითი გავლენა არ მოახდინა.
ამასთან, ხელმძღვანელობა მიუთითებს, რომ რეგიონში ბიზნეს გარემოზე კვლავ მოქმედებს გაურკვევლობა, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტთან და მის შესაძლო ეკონომიკურ შედეგებთან.




























