მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო სამხრეთ კორეას შორის ეკონომიკური პარტნიორობის მოლაპარაკების მეორე რაუნდი გაიმართა

სამხრეთ კორეა
01.06.24 12:24
886

29-31 მაისს კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკების მეორე რაუნდი გაიმართა. მისი დასრულების შემდეგ, მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს მოლაპარაკების შედეგები და აღნიშნეს, რომ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწიეს.

„იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი, რომელიც თბილისში გაიმართება, იქნება საბოლოო, რომლის შემდეგაც შესაძლებელი იქნება შეთანხმებაზე ხელმოწერა. საქართველოსთვის კორეის რესპუბლიკა მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია რეგიონში და მასთან ურთიერთობის გაღრმავება დადებითად აისახება ორივე ქვეყნის ეკონომიკაზე. ვფიქრობთ, შეთანხმება არა მხოლოდ წაახალისებს ორმხრივ ვაჭრობას, არამედ ხელს შეუწყობს თანამშრომლობას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის, ინვესტიციების კუთხითაც,“ - განაცხადა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ.

მინისტრის მოადგილის თქმით, კორეის რესპუბლიკა მაღალმსყიდველუნარიანი 50 მლნ-ზე მეტი მოსახლეობით პრიორიტეტული ბაზარია საქართველოსთვის, რომლის ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედსაც ბაზრების დივერსიფიცირება წარმოადგენს. არველაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის, მინერალური და უალკოჰოლო სასმელების, აგროსამრეწველო და მთელი რიგი სამრეწველო პროდუქციის ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობებზე. გარდა ამისა, გენადი არველაძის ინფორმაციით, არსებობს კორეელების მხრიდან არსებობს დაინტერესება საქართველოს ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორების მიმართაც.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, კორეის რესპუბლიკის მხრიდან კი – ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ენერგეტიკის სამინისტროს სავაჭრო მოლაპარაკების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ფეომინ რიუ. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდნენ შემოსავლების სამსახურის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, საქპატენტის და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

შეთანხმება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, წარმოშობის წესები, საბაჟო პროცედურები, სანიტარული და ფიტოსანიტარიული ზომები, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები და სხვა ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროები, როგორებიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ინვესტიციები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები