მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო-შვედეთს შორის ვაჭრობა რეკორდულად 43%-ით გაიზარდა - როგორია ურთიერთობა რიცხვებში?

შვედეთი

შვედეთის მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ მხარდაჭერა და შვედეთის ახალგაზრდული პარტიის მიერ საქართველოში დემონსტრანტებისთვის თავისუფლების პრიზის გადაცემა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მორიგ მაგალითს წარმოადგენს და მიკერძოებაზე მიუთითებს - ეს განცხადება მმართველი უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე გააკეთა.

კირცხალიამ შვედურ მხარეს მოუწოდა, ყურადღება საკუთარ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილოს და აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ გამოხატული შეშფოთება ფაქტებსა და სტატისტიკას ეყრდნობა, მაშინ როდესაც საქართველოს მიმართ კრიტიკას რეალური საფუძველი არ გააჩნია.

საქმე ისაა, რომ შვედეთმა საქართველოს მიმართ გასულ კვირას ამოქმედებულ "მოსკოვის მექანიზმს" მხარი დაუჭირა. 2024 წელს "ოცნების" მთავრობის მიერ ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების და აქციების შემდეგ, შვედეთის მთავრობამ საქართველოსთან პირდაპირი თანამშრომლობა შეწყვიტა.

bm.ge დაინტერესდა, როგორია ეკონომიკური კავშირები ქვეყანასთან, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დონორი იყო. Sweden Herald-ს ინფორმაციით, შვედეთის დახმარება საქართველოსთვის შეადგენს დაახლოებით 200 მილიონ კრონას წელიწადში [$18.8 მლნ].

სავაჭრო ბრუნვა

2025 წელს საქართველოსა და შვედეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 60.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 43%-ით მეტია.

ბოლო წლების მაჩვენებელი კი ასეთია:

  1. 2016 წელი - 9.7 მლნ აშშ დოლარი;
  2. 2017 წელი - 12.3 მლნ აშშ დოლარი;
  3. 2018 წელი - 15.5 მლნ აშშ დოლარი;
  4. 2019 წელი - 18.9 მლნ აშშ დოლარი;
  5. 2020 წელი - 17.1 მლნ აშშ დოლარი;
  6. 2021 წელი - 19.4 მლნ აშშ დოლარი;
  7. 2022 წელი - 37.2 მლნ აშშ დოლარი;
  8. 2023 წელი - 58.8 მლნ აშშ დოლარი;
  9. 2024 წელი - 42.2 მლნ აშშ დოლარი
  10. 2025 წელი - 60.3 მლნ აშშ დოლარი.

2025 წელს, ვაჭრობის უდიდესი წილი - 59.2 მლნ აშშ დოლარი იმპორტზე მოდიოდა, ექსპორტის წილი კი უმნიშვნელოა. იმპორტის მაჩვენებელი ძირითადად ავტომობილებითაა განპირობებული. ძირითადი სასაქონლო ჯგუფების სია კი, რაც შვედეთიდან ვიყიდეთ ასეთია:

  1. მსუბუქი ავტომობილები - 30.2 მლნ აშშ დოლარი;
  2. სატელეფონო აპარატები - 4.1 მლნ აშშ დოლარი;
  3. მანქანები ამოთხრის ან გაბურღვისათვის - 2.2 მლნ აშშ დოლარი;
  4. ავტოსატვირთელები - 1.8 მლნ აშშ დოლარი;
  5. დაფასოებული მედიკამენტები - 1.6 მლნ აშშ დოლარი.

რაც შეეხება საექსპორტო საქონელს, 2025 წლის მონაცემებით, top-5 ასე გამოიყურება:

  1. შესაფუთი ტომრები და პაკეტები - 488.2 ათასი აშშ დოლარი;
  2. ღვინო - 387.7 ათასი აშშ დოლარი;
  3. ტელე-რადიო აპარატების ნაწილები - 108.8 ათასი აშშ დოლარი;
  4. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 23.8 ათასი აშშ დოლარი
  5. მსუბუქი ავტომობილები - 15.1 ათასი აშშ დოლარი.

FDI

2025 წლის სამ კვარტალში შვედეთიდან საქართველოში 2.1 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო. იქამდე კი, 2022 წლიდან გადინების ტრენდი იყო, 2024 წლის ჩათვლით.

2023 წელს 3 მლნ აშშ დოლარი, 2022 წელს კი 0.4 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია გავიდა. იქამდე, მაქსიმალური რიცხვი 2020 წელს დაფიქსირდა და ქვეყნის ეკონომიკაში შემოსული შვედური პირდაპირი ინვესტიციის მოცულობამ 7.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ტურიზმი

საქართველოში 2025 წლის განმავლობაში შვედეთიდან 7 263 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 1.1%-ით ნაკლებია.

2023 წელს კი, საქართველოს შვედეთის 5 566 მოქალაქე ესტუმრა, 28%-ით მეტი ვიდრე 2022 წელს და 42.3%-ით ნაკლები, ვიდრე პანდემიამდელ 2019 წელს.

შვედეთიდან ფულადი გადმორიცხვების მაჩვენებელი ნულოვანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები