2022 წლის განმავლობაში საქართველომ რეკორდულო მოცულობის 323 მილიონი დოლარის (904 მლნ ლარის) მობილური ტელეფონების იმპორტი განახორციელა. ეს წინა წელთან შედარებით 98 მილიონი დოლარით მეტი იყო.
როგორც ირკვევა, საქართველო მობილური ტელეფონების ყველაზე დიდ ნაწილს არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან ყიდულობს. როგორც ირკვევა, ამის მიზეზია ის, რომ UAE მსოფლიოში სმარტფონების რეექსპორტის ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრია, რომელიც ახლო აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებს ამარაგებს სმარტფონებით.
2022 წელს იმპორტში UAE-ს წილი გაიზარდა. სულ შესყიდული 323 მილიონი დოლარის ღირებულების სმარტფონებიდან 155 მილიონი დოლარის მობილურები არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან შემოდის (იმპორტის 48%), მეორე ადგილზე 2022 წელს ჩეხეთი იყო $47 მილიონის იმპორტით, მესამეზე კი ჰონკონგი 32 მილიონი დოლარის იმპორტით.
იქამდე, სანამ რუსეთი უკრაინაში ომს დაიწყებდა, საქართველო სმარტფონების ნაწილს რუსეთიდანაც ყიდულობდა. მაგალითად, 2021 წელს რუსეთიდან 37 მილიონი დოლარის სმარტფონები შემოვიდა, 2020-ში კი $29 მილიონის ტელეფონები. 2022 წელს რუსეთიდან მხოლოდ 9 მილიონის მობილურები შემოვიდა, ამასთან იმპორტის უდიდესი ნაწილი პირველ კვარტალში იყო.
მსოფლიოში სმარტფონების უმსხვილესი მწარმოებელი ჩინეთი და ჰონკონგია, თუმცა საქართველოში მობილურები ძირითადად შუამავალი ქვეყნების გავლით შემოდის.
ქვეყნები, საიდანაც საქართველო სმარტფონებს ყიდულობს:
1. არაბეთის გაერთიანებული საამიროები - $155.1 მილიონი დოლარი;
2. ჩეხეთი - $47 მილიონი დოლარი;
3. ჰონკონგი - $32 მილიონი დოლარი;
4. ჩინეთი - $19 მილიონი დოლარი;
5. ვიეტნამი - $17 მილიონი დოლარი;
6. ნიდერლანდები - $12 მილიონი დოლარი;
7. რუსეთი - $9 მილიონი დოლარი;
8. შვედეთი - $7 მილიონი დოლარი;
9. ინდოეთი - $6 მილიონი დოლარი;
10. შვეიცარია - $3 მილიონი დოლარი.
საქართველო UAE-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობს. ორ ქვეყანას შორის ვაჭრობაში ბარიერების მოხსნის შემდეგ, სავარაუდოდ, მობილურების იმპორტი კიდევ უფრო გამარტივდება.