"საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის განცხადებით, კლიმატის დაცვის მიმართულებით კავკასიის რეგიონში ღონისძიების ჩატარება მნიშვნელოვანია. ამის შესახებ გარემოსდამცველმა "საქმის კურსში" ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილებების 29-ე კონფერენციაზე საუბრისას განაცხადა.
წელს, COP29 ფოკუსირებული იქნება კლიმატის გავლენის შეფასებაზე როგორც ჰუმანიტარულ, ისე ეკონომიკურ ცხოვრებაზე. მსოფლიო ლიდერები იმ ქმედით ნაბიჯებზე იმსჯელებენ, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს, მათ შორის, ემისიების შემცირებას, რის გარეშეც გლობალური დათბობის მძიმე გავლენის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება.
ნინო ჩხობაძის თქმით, კლიმატის ცვლილებები მსოფლიოსთვის კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა და სამოქალაქო სექტორს მსოფლიო ლიდერებისგან ორი მოთხოვნა აქვს:
"სამოქალაქო სექტორი ითხოვს, რომ წიაღისეულის საწვავი აიკრძალოს. მეორე თემა არის ე.წ. რეაქცია/რეაგირება კატასტროფულ მოვლენებთან მიმართებით. როგორც იცით, 2023 წელი ჩვენთვის გარკვეული ტრაგედიის წელი იყო, 2024 წელსაც პატარ-პატარა მოვლენები გვქონდა: მეწყრები, ღვარცოფები და წყალმოვარდნები, მაგრამ ის ტრაგედია, რაც ახლა ესპანეთში დატრიალდა, როცა 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დიდი ტრაგედიაა. ბევრი კლიმატოლოგი ვარაუდობს, რომ ასეთი მოვლენები, შესაძლოა, ევროპის კონტინენტზე გაიზარდოს", - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
რაც შეეხება საქართველოს, როგორც ნინო ჩხობაძემ "საქმის კურსის" ეთერში აღნიშნა, საქართველოში ახალი ეროვნული გეგმა მზადდება, თუმცა ქაღალდზე არსებული გეგმები საკმარისი არ არის. მისი თქმით, ქვეყანა წყალდიდობების რისკის ქვეშ არის.
"მზადდება ახალი ეროვნული გეგმა, რომელიც უფრო ამბიციური იქნება და თუ მანამდე ემისიებს 31%-მდე ვამცირებდით, ახლა არის გეგმა, რომ 50+1%-ით შემცირდეს. გარდა იმისა,რომ ჩვენ გარკვეულ ვალდებულებებს ფურცელზე ვიღებთ, მნიშვნელოვანია, ის პრაქტიკაში დავნერგოთ. წყალდიდობების და ზღვის დონის მატების რისკიშ ქვეშ ვართ, შავი ზღვა გამონაკლისი არ არის. პროგნოზები სახარბიელო არ არის. რაც შეეხება კავკასიონს. უნდა დასრულდეს რისკების ზონების გამოყოფა, სად არის უფრო მეტი რისკი. დაახლოებით 7 ბუნებრივ მოვლენასთან გვაქვს საქმე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რამე პრევენციული ღონისძიების გეგმა გვქონდეს. დოკუმენტში კარგი და დამაიმედებელი ფაქტორი გაჩნდა, რომელიც ეხება ტყის რესურსების შთანთქმის უნარის გაძლიერებას. მნიშვნელოვანია, რომ ეს გახდეს პრიორიტეტი საქართველოსთვის და მიგვაჩნია, რომ ამ ყველაფერს გვერდს ვერ ავუვლით თუ ადაპტაციის ღონისძიების გეგმა არ შემუშავდება. ამის ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს. ეს [ადაპტაციის ღონისძიების გეგმა] ნიშნავს გეგმას, თითოეულ მუნიციპალიტეტში რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ ბუნებრივმა კატასტროფამ დიდი მსხვერპლი არ იქონიოს ან სოფლის მეურნეობის პროდუქტი ადამიანმა ისე მოიყვანოს, რომ ამინდზე დამოკიდებული არ იყოს. უნდა დავნერგოთ ახალი ტექნოლოგიები", - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.
როგორც "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარემ აღნიშნა, ევროკომისია საქართველოსგან ითხოვს, კლიმატის შესახებ კანონი მივიღოთ და შესაბამისი რეგულაციებიც ამოქმედდეს.