მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-თურქეთი - ჯვაროსნების ევროპული თავგადასავალი 20:00 საათზე იწყება

ბუდუ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ევროპული თავგადასავალი დღეს, დორტმუნდიდან დაიწყება. ევრო 2024-ის F ჯგუფის პირველი მატჩი თურქეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ის, რაც ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის და შესაბამისად გულშემატკივრისთვის პირველი გამოცდილებაა, უკვე ჩვეული გარემოა მეტოქე თურქეთისთვის, რომელსაც დიდ ტურნირებზე მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს. ტრადიციულად მონაწილეობს ევროპის პირველობაზე და მეტიც, 2002 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორებიც კი გახდნენ.

გუნდები

სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ღირებულება 161 მლნ ევროს აღემატება, თურქეთის ნაკრების ფასი კი 324 მლნ ევროზე მეტია.

ყველაზე ძვირად ღირებული 5 ფეხბურთელის სია ასე გამოიყურება:

საქართველოს ნაკრები:

  • ხვიჩა კვარაცხელია - 80 მლნ ევრო "ნაპოლი"
  • გიორგი მამარდაშვილი - 35 მლნ ევრო "ვალენსია)"
  • გიორგი მიქაუტაძე - 15 მლნ ევრო "მეცი"
  • ოთარ კიტეიშვილი - 5 მლნ ევრო "შტურმი"
  • საბა ლობჟანიძე - 3 მლნ ევრო "ატლანტა იუნაიტედი"

თურქეთის ნაკრები:

  • ჰაკან ჩალჰანოღლუ - 45 მლნ ევრო "მილანის ინტერი"
  • ქენან ილდიზი - 30 მლნ ევრო "იუვენტუსი"
  • არდა გიულერი - 30 მლნ ევრო "რეალი"
  • ორკუნ კეკჩუ - 27 მლნ ევრო „ბენფიკა“
  • ფერდი ქედიოღლუ - 21 მლნ ევრო

გულშემატკივარი

სავარაუდოა, რომ „სიგნალ იდუნა პარკ" არენაზე თურქი გულშემატკივრის სიჭარბე იქნება, თუმცა ტრიბუნებიდან ჯვაროსნებს საქართველოს ასობით გულშემატკივარი გაამხნევებს. UEFA-მ საქართველოსთვის 10 ათასი ბილეთი გამოყო, რომელთა ფასებიც 30-დან 400 ევრომდე მერყეობდა და ყველა ბილეთი, საიტზე განთავსებიდან 3 საათში გაიყიდა.

გარდა რეგულარული და დამატებითი ავიარეისებისა, გერმანიაში თამაშებისთვის სრულდება სპეცრეისებიც, რომელსაც მთავრობა ბიუჯეტიდან ასუბსიდირებს.

ჩემპიონატისთვის თბილისსა და ქუთაისიდან 17 ჩარტერული რეისი დორტმუნდის, ჰამბურგის, კიოლნისა და დიუსელდორფის მიმართულებით სრულდება. აღნიშნულ რეისებზე 5 220 ბილეთი გაიყიდა.

ევრო - 2024-ზე სუბსიდირებულ ჩარტერულ ფრენებს ასრულებენ: Eurowings, Wizz Air, Hi Sky და Georgian Wings. ყველა სუბსიდირებული რეისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების განრიგზეა მორგებული. სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულებაა 195 ევრო. შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 390 ევროს შეადგენს.

გერმანიის გარდა, ეროვნულ ნაკრებს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე და ბათუმში "აჭარაბეთ არენაზე" ეკრანების წინ შეკრებილი ქომაგებიც უგულშემატკივრებენ.

საქართველოს ნაკრების ევროპული თავგადასავალი კი, 22 ივნისს - შაბათს ჩეხეთთან და 26 ივნისს პორტუგალიასთან გაგრძელდება.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები