სოციალურ ქსელში, ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა "რუსული კანონის" წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ საქართველო ყოველთვის ევროპული სახელმწიფო იქნება.
"საქართველო ყოველთვის იყო და იქნება ევროპული სახელმწიფო!!!
ჩვენ, როგორც საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი მოქალაქეები, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, თითოეული ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტის სახელით ვუთხრათ არა ყველაფერ რუსულს! არა რუსეთს!
ჩვენ ვეწინააღმდეგებით ყველაფერს, რაც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევას", - ვკითხულობთ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა დღეს, 13 მაისს სასწავლო პროცესის გაგრძელებაზე უარი თქვეს და გაიფიცნენ.
მათი თქმით, ამ სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს ისტორიული არჩევანისა და ევროპული ღირებულებების დაცვა.
"საფრთხე შეექმნა ქვეყნის განვითარებას, დემოკრატიასა და თავისუფლებას. ასევე, ევროპული განათლების პერსპექტივას, რომელზედაც ქვეყნის მომავალი დგას.
რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე ფართო მასშტაბიანი აქციების ფონზე, ვხედავთ, რომ მშვიდობიანი აქციები ირბევა. ხორციელდება ადამიანებზე, მათ შორის ჩვენს თანატოლებზე ძალადობა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც ჩვენთვის მიუღებელი და უკანონოა.
მიგვაჩნია, რომ ამ სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიული არჩევანისა და ევროპული ღირებულებების დაცვა, რომელზედაც მეტყველებს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლიც. შესაბამისად, ვუერთდებით სხვა უნივერსიტეტების სტუდენტების პროტესტს. შეუძლებლად მიგვაჩნია სასწავლო პროცესის ჩვეულ, სააუდიტორიო ფორმატში გაგრძელება და უარს ვაცხადებთ პროტესტის ნიშნად, ლექციებზე დასწრებას და აკადემიურ პროცესში მონაწილეობას.
ყველას, სტუდენტსა და ლექტორს მოვუწოდებთ, რომ იყვნენ სოლიდარულები და შემოგვიერთდნენ", - აცხადებენ სტუდენტები ქუთაისიდან.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი ხელისუფლებას უკვე მეორედ ინიციირებული "რუსული კანონის" უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ.