მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ემიგრაციაში 101 ათასი მოქალაქე წავიდა - 2022 წლის სტატისტიკა

644a39952fd1d
შოთა ტყეშელაშვილი
27.04.23 13:07
1146
საქსტატმა 2022 წლის მიგრაციის ამსახველი სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასული წლის განმავლობაში საქართველოდან 101 ათასი მოქალაქე ემიგრირდა, რაც 2021 წელთან შედარებით 21 ათასით მეტია.

ემიგრაციის ზრდის მიუხედავად, საქართველოში გასულ წელს დადებითი მიგრაციული სალდო იყო, რაც იმიგრანტების რეკორდული რაოდენობით იყო განპირობებული.

მთლიანობაში ემიგრანტების რიცხვი 2022 წელს 125 ათასს შეადგენდა, იმიგრანტების რაოდენობა კი 180 ათასი იყო. მოქალაქეობის მიხედვით, ემიგრანტებს შორის პირველ ადგილზე საქართველოს მოქალაქეები იყვნენ (101 ათასი), ხოლო იმიგრანტებს შორის პირველ ადგილზე რუსეთის მოქალაქეები არიან. იმიგრანტების ეს რაოდენობა ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი იყო.

მოქალაქეობის მიხედვით, იმიგრანტების რაოდენობა ასე ნაწილდება:

1. რუსეთის ფედერაცია - 62,304 ადამიანი;
2. საქართველო - 54,405 ადამიანი;
3. უკრაინა - 20,716 ადამიანი;
4. ბელარუსი - 13,361 ადამიანი;
5. ინდოეთი - 3,948 ადამიანი.

ოფიციალური მეთოდოლოგიის მიხედვით, ვინ ითვლება ემიგრანტად?

ემიგრანტი არის პირი, რომელმაც დატოვა საქართველო და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე გასვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ხოლო საქართველო იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას ქვეყნიდან გასვლამდე წინა 12 თვეში საქართველოში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე.

მეთოდოლოგიის მიხედვით, ვინ ითვლება იმიგრანტად?

პირი, რომელმაც გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე შემოსვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველო არ იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას საქართველოს საზღვრებს გარეთ წინა 12 თვეში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე).

შესაბამისად, ემიგრანტების სტატისტიკაში მოხვედრა შეუძლია საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს, თუკი იგი ქვეყანას დატოვებს წლის განმავლობაში არანაკლებ 6 თვის განმავლობაში.

ანალოგიურად, იმიგრანტების სტატისტიკაში მოხვედრა შეუძლიათ როგორც უცხოეთის, ასევე საქართველოს მოქალაქეებს თუკი ისინი მუდმივად უცხოეთში ცხოვრების შემდეგ საქართველოში 6 თვეზე მეტი ხნით შემოვლენ.

შესაბამისად, პირი შეიძლება ერთი წლის განმავლობაში აღრიცხული იყოს როგორც იმიგრანტი, ხოლო მეორე წელს ემიგრანტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები