მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი 865.7%-ით გაიზარდა - სად ვყიდით პროდუქტს

6166e9044077d
ვიქტორია მღებრიშვილი
14.10.21 09:15
1135

2021 წლის 8 თვეში საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა. იანვარ-აგვისტოში ქვეყნიდან სარეალიზაციო ბაზრებზე გატანილი ახალი ან შეყინული კარტოფილის მოცულობები გასული წლების წლიურ მაჩვენებლებსაც კი აღემატება (2020 წელი - 1,1 მლნ დოლარი, 4252.6 ტონა; 2019 წელი - 977 ათასი დოლარი, 3 935.9 ტონა). აღსანიშნია, ისიც, რომ ბოლო ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ 23 748 ტონა პროდუქტის რეალიზებით 8.8 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს მაჩვენებელი 2020 წლის ამავე პერიოდის მონაცემს - 865.7%-ით, 2019 წლისას კი 924.7%-ით აღემატება.

საქართველოდან ექსპორტირებული სხვა ბევრი პროდუქტის მსგავსად კარტოფილის მთავარი საექსპორტო ბაზარი, ამ შემთხვევაშიც რუსეთია. მეზობელ ქვეყანაში 8 თვეში 17 602 ტონა კარტოფილის ექსპორტით ქვეყანამ 7.8 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. სხვა სარეალიზაციო ბაზარებს კი ძირითადად დსთ-ის ქვეყნები - აზერბაიჯანი (315.7 ათასი დოლარი, 2 552 ტონა), მოლდოვა (287.9 ათასი დოლარი, 1 421 ტონა); ბელარუსი ( 177.1 ათასი დოლარი, 669 ტონა), თურქმენეთი (125.3 ათასი დოლარი, 871.1 ტონა); სომხეთი (101.3 ათასი დოლარი, 401.8 ტონა); ყაზახეთი (27.7 ათასი დოლარი, 204.5 ტონა) და უკრაინა (5 ათასი დოლარი, 25 ტონა) წარმოადგენენ.

უნდა აღინიშნოს, რომ კარტოფილის ექსპორტი იმპორტსაც აჭარბებს. 2021 წლის 8 თვეში საქართველომ 8 საიმპორტო ბაზრიდან 2.2 მლნ დოლარის ღირებულების 10 158 ტონა ახალი ან შეყინული კარტოფილი შეიძინა.

იმპორტის აღნიშნული მაჩვენებელი ოფიციალური სტატისტიკით, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით 30.2%-ით მცირეა, ხოლო პანდემიამდელი წლის 8 თვესთან შედარებით 10.2%-ით მეტია.

მიმდინარე წელს იანვარ-აგვისტოში საქართველოსთვის კარტოფილის იმპორტის მთავარი ბაზარი თურქეთი იყო, 2020 წელს გერმანია, ხოლო 2019 წელს კი აზერბაიჯანი.

2021 წლის 8 თვეში კარტოფილის საიმპორტო ბაზრები ასე გამოიყურება: თურქეთი - 1.3 მლნ დოლარი, 8 757 ტონა; ნიდერლანდი - 507.4 ათასი დოლარი, 635.3 ტონა; გერმანია - 308.8 ათასი დოლარი, 350.5 ტონა; დანია - 58.9 ათასი დოლარი, 91.2 ტონა; ირანი - 36.8 ათასი დოლარი, 175 ტონა; საფრანგეთი - 29.4 ათასი დოლარი, 68.6 ტონა; ეგვიპტე - 6.1 ათასი დოლარი, 29 ტონა; სომხეთი - 2.3 ათასი დოლარი, 9.5 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები