მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ლოკოკინის ექსპორტი გაიზარდა - "საქართველოს აქვს პოტენციალი მსხვილი მწარმოებელი გახდეს"

ლოკოკინა

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის პირველ 10 თვეში საქართველოდან 1 მილიონ 207 ათასი დოლარის, 1370 ტონა ლოკოკინას ექსპორტი განხორციელდა, მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის ღირებულებამ 263 ათას 520 დოლარი, მოცულობამ კი 440 ტონა შეადგინა. გასული წლის მსგავსად, 2023 წელსაც ქვეყნიდან ლოკოკინას ექსპორტი ორ ქვეყანაში საფრანგეთსა ($ 1 200 000) და მცირე მოცულობით იტალიაში ($7 000)განხორციელდა.

ლოკოკინას მოსავლის აღება ფერმერებმა ნოემბრის დასაწყისიდან დაიწყეს და პროცესი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. წინასწარ, მოცულობაზე საუბარი რთულია, თუმცა, როგორც საერთაშორისო ჰელისი კულტურის ინსტიტუტის წარმომადგენელი საქართველოში ლაშა რობაქიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, მცირე გამოცდილების მიუხედავად, ფერმერების უმეტესობა 2023 წლის მოსავლით კმაყოფილია.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 2021 წლის დეკემბრიდან არის დაშვებული. ევროპაში ქართული ლოკოკინა პირველად კი 2022 წელს გავიდა. ჰელისი კულტურის ინსტიტუტის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოში არსებული გარემო პირობები ევროსტანდარტებს მაქსიმალურად პასუხობს, შესაბამისად, სამომავლოდ ექსპორტის ზრდა მოსალოდნელია. მეტიც, როგორც ის განმარტავს, ქვეყანას აქვს პოტენციალი ერთ-ერთ მსხვილ მწარმოებელი გახდეს.

“მას შემდეგ, რაც ქართული ლოკოკინისთვის ევროკავშირის კარი გაიღო, უამრავი ფერმერი შემოგვემატა, რომლებიც ლოკოკინას სხვადასხვა მეთოდით აწარმოებენ. საქართველოდან ლოკოკინის ექსპორტი ორი მიმართულებით ხორციელდება. ცოცხალი და გადამუშავებული, ველური ლოკოკინა.

ჩვენს ქვეყანაში არსებული სუბტროპიკული ჰავა, წყალი, მიწა სრულად შეესაბამება იმ სტანდარტებს, რასაც ევროპა ითხოვს. ევრო სტანდარტებს საქართველოს რეალობა 100%-ით პასუხობს. ეს კი ქვეყანას წარმოების კუთხით უფრო მეტად პერსპექტიულს ხდის. ვფიქრობ, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი ლოკოკინის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი გახდეს.

რაც შეეხება 2023 წლის მოსავალს, აღების პროცესი დაიწყო ნოემბერში და ფერმერების 95% მოსავლის აღების პროცესშია, მხოლოდ მეორე წელია ამ მიმართულებით და გამოცდილება არ აქვთ იმდენი და შემდეგი წლები იქნება უკეთესი” - აღნიშნავს ლაშა რობაქიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები