მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველომ 7 თვეში $56 მილიონის ხორბალი იყიდა - იმპორტი რეკორდულია

რუსეთი

საქართველომ 7 თვეში 56 მილიონი დოლარის ღირებულების 218 214 ტონა ხორბალი შეიძინა. იმპორტის ღირებულება 73.5%-ით, მოცულობა კი 62.5%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.

წელს საქართველოს იმპორტი მცირედით გაუძვირდა. წლის ამ პერიოდში 1 ტონა ხორბლის საშუალო ღირებულება 256 დოლარი, 2024 წლის 7 თვეში კი 240 დოლარი იყო.

ქვეყნისთვის ხორბლის მთავარი მომწოდებელი ტრადიციულად რუსეთია. იანვარ-ივლისში საქართველომ 39 მილიონ 218 ათასი დოლარის ღირებულების 147 105 ტონა რუსული ხორბალი შეიძინა, რაც გასული წლის იმპორტს 7 მლნ დოლარით აღემატება.

წელს ქვეყანაში ყაზახური ხორბლის იმპორტიც ხდებოდა, რაც ყაზახეთის მთავრობის მხრიდან ხორბლის ექსპორტის სუბსიდირებამ განაპირობა.

ყაზახეთში გასულ წელს ხორბლის რეკორდული მოსავალი მოვიდა. მარცვლეულის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის კი ქვეყნის მთავრობამ მარცვლეულის ექსპორტის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც თებერვლიდან ამოქმედდა. ამ მიზნით რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 40 მილიარდი ტენგე გამოიყო, რამაც 2 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტი წახალისების შესაძლებლობა გააჩინა. ყაზახური ხორბლის ტრანსპორტირების ხარჯები დასუბსიდირდება როგორც საქართველოს მიმართულებით, ასევე საქართველოს შავი ზღვის პორტების გავლით ექსპორტისას. აგვისტოს ბოლოს, ყაზახეთმა სუბსიდირების პროგრამა 1 წლით 2026 წლის პირველ სექტემბრამდე გაახანგრძლივა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 16.8 მლნ დოლარის ღირებულების 71 107 ტონა ყაზახური ხორბალი შემოვიდა. გასული წლის 7 თვეში ეს მაჩვენებელი ნულოვანი იყო.

აღსანიშნია, რომ ხორბლის უმნიშვნელო მოცულობები აშშ-დან, იტალიიდან და გერმანიიდანაც შემოდის.

ცნობისთვის, მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ბენიაიძის განცხადებით, საქართველოში ადგილობრივი ხორბლის ჩასაბარებელი ფასი 5 თეთრით არის გაზრდილი. ამის შესახებ მან BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

ბენიაიძის თქმით, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ფერმერები ხორბალს 65 თეთრად აბარებდნენ, წელს ფასი დაახლოებით 70 თეთრს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები