8 თვეში საქართველომ 3 მილიონ 531 ათასი დოლარის ღირებულების მაჯის და ჯიბის საათები შეიძინა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საათების იმპორტი მოცულობაში აღირიცხება და წლის ამ პერიოდში ქვეყანაში 42 ტონა თან სატარებელი საათები შემოვიდა, რაც მოცულობით გასული წლის 8 თვის სტატისტიკას მცირედით აღემატება (2023 წლის 8 თვე - 41 ტონა). მაშინ როდესაც ღირებულება თითქმის 200 ათასი დოლარით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საათების იმპორტი გაიაფდა.
სტატისტიკიდან ჩანს, რომ საქართველოს საათების იმპორტი შვეიცარიიდან უფრო ძვირი უჯდება, შესაბამისად ღირებულების მიხედვით, ქვეყნების რეიტინგში შვეიცარია პირველ ადგილასაა. იანვარ-აგვისტოში შვეიცარიიდან 1 მილიონ 62 ათასი დოლარის ღირებულების 1 ტონა საათები შემოვიდა, მაშინ როდესაც ჩინეთიდან იმპორტირებული 29 ტონა საქონლის ღირებულება 685 ათასი დოლარი იყო. იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში ვხვდებით ასევე ჰონ-კონგს 891 ათასი დოლარითა და 4 ტონით, არაბთა გაერთიანებული საამიროებს 272 ათასი დოლარით და 5 ტონით, გაერთიანებული სამეფოს 255 ათასი დოლარით და 70 კგ-ით, გერმანიას 237 ათასი დოლარით და ესპანეთს 112 ათასი დოლარით.
რაც შეეხება მაჯის და ჯიბის საათების ექსპორტს, საქართველოდან გაყიდვის მაჩვენებელი მცირეა და 8 თვის პერიოდში ჯამში სულ 555 ათასი დოლარის ღირებულების 2 ტონა საათები შვეიცარიაში, ლატვიაში, სომხეთში, ჰონ-კონგში და ბელარუსში გავიტანეთ.