მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ ფეროშენადნობების ექსპორტით $84.4 მლნ-ის შემოსავალი მიიღო - რამდენით შემცირდა ექსპორტი?

646b2dfcb10a4
ვიქტორია მღებრიშვილი
22.05.23 23:50
584
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი შემცირდა. ამ პერიოდში ქვეყნიდან სხვადასხვა მიმართულებით 84 მილიონ 400 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც 56.8%-ით ნაკლებია 2022 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ფეროშენადნობები უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ათეულში 4.3%-იანი წილით მესამე ადგილზეა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედრებით საქონლის ხვედრითი წილი 3-ჯერაა შემცირებული, გასულ წელს ფეროშენადნობებს მთლიან ექსპორტში 12.3%-იანი წილი ეკავა.

წლების მიხედვით სტატისტიკიდან ჩანს, რომ პანდემიური 2020 წლის შემდეგ ფეროშენადნობების ექსპორტი დადებითი დინამიკით ხასიათდებოდა, თუმცა ეს ტენდენცია მიმდინარე წელს შეიცვალა. 2023 წელს საქონლის რეალიზების სტატისტიკას თვეების მიხედვით თუ შევხედავთ, წელს იანვარში ($50.8 მლნ) ექსპორტი გასული წლის იანვარს ($31.4 მლნ) აღემატებოდა, თუმცა თებერვლიდან შემცირება დაიწყო და აპრილში ქვეყნიდან მხოლოდ 2.5 მლნ დოლარის ღირებულების საქონლის რეალიზება მოხდა.

უნდა აღინიშნოს, რომ საექსპორტო მიმართულებებს შორის ფეროშენადნობების გაყიდვა წლის პირველ ოთხ თვეში აშშ-ს მიმართულებით მნიშვნელოვნად შემცირდა. 2022 წლის ამ პერიოდისთვის აშშ საქონლის მთავარი საექსპორტო ბაზარი იყო. ექსპორტი შემცირებულია ასევე რუსეთის, თურქეთის, იტალიის, აზერბაიჯანის, საფრანგეთის მიმართულებით, უკრაინაში საქონლის გატანა კი წელს არ ფიქსირდება, მაშინ როდესაც უკრაინა 2022 წლის იანვარ-აპრილში TOP-10 საექსპორტო ქვეყანას შორის იყოს. უნდა ითქვას, რომ რუსეთში ფეროშენადნობები მხოლოდ იანვარ-თებერვალში გავიდა, მარტ-აპრილში კი ექსპორტი არ განხორციელებულა. 

2023 წლის იანვარ-აპრილში ფეროშენადნობების TOP-10 საექსპორტო მიმართულების რეიტინგი:

1. რუსეთი - 45.3 მლნ დოლარი, 36 224 ტონა;
2. თურქეთი - 18.4 მლნ დოლარი, 16 215 ტონა;
3. აშშ - 9 მლნ დოლარი, 6 024 ტონა;
4. ალჟირი - 5.8 მლნ დოლარი, 5 250 ტონა;
5. აზერბაიჯანი - 2.2 მლნ დოლარი, 1 801 ტონა;
6. საფრანგეთი - 1.5 მლნ დოლარი, 1 714 ტონა;
7. პაკისტანი - 511 ათასი დოლარი, 431 ტონა;
8. ნიდერლანდები - 248 ათასი დოლარი, 216 ტონა;
9. ირანი - 236 ათასი დოლარი, 216 ტონა;
10. ესპანეთი - 177 ათასი დოლარი, 199 ტონა;

ცნობისთვის: 2023 წლის თებერვლიდან ფეროშენადნობების საექსპორტო ბაზრებს გამოეთიშა რუსეთი. ქართველი ფეროშენადნობების მწარმოებლებისთვის ძირითადი საექსპორტო ბაზარი 2023 წლის 23 იანვრამდე რუსეთი იყო. ამ ბაზარზე ექსპორტის მოცულობის 40% მოდიოდა, თუმცა მას შემდეგ რაც ევრაზიულ კავშირში საქართველოდან ექსპორტირებულ ფეროშენადნობებზე ანტიდემპინგური გადასახადი ამოქმედდა, რუსეთის ბაზარი საქართველოსთვის ჩაიკეტა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები