2023 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში საქართველომ ღვინის რეალიზებით 217 მილიონ 303 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ყურძნის ნატურალურმა ღვინოებმა უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში 4.3%-იანი წილით მესამე ადგილი დაიკავა.
ქვეყნიდან ღვინის რეალიზების მაჩვენებელი წლიურად 8.2%-ით გაიზარდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტირებული ღვინის მოცულობა 2022 წლის 10 თვეში უფრო მეტი იყო. წელს 75 726 ტონა ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასულ წელთან შედარებით 4%-ით ნაკლები მაჩვენებელია.
ქართული ღვინის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი წლების განმავლობაში რუსეთი იყო. 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთს მთლიან ექსპორტში 66%-იანი წილი უკავია.
ბოლო 5-წლიან პერიოდს თუ შევხედავთ, რუსეთში ღვინის გაყიდვები როგორც მოცულობაში, ისე ღირებულებაში იზრდებოდა. ამ ხუთწლიან პერიოდში გამონაკლისი მიმდინარე წელი აღმოჩნდა, როცა ექსპორტირებული საქონლის ღირებულება 11.7%-ით 144 მლნ დოლარამდე გაიზარდა, მოცულობა კი მცირედ, თუმცა მაინც 1.8%-ით 53 547 ტონამდე შემცირდა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთში ქართული ღვინის ღირებულება გაიზარდა.
ღვინის მთავარ საექსპორტო ბაზართან დაკავშირებით ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სტატისტიკას თუ თვიურ ჭრილში შევხედავთ საქონლის ექსპორტი აგვისტოს შემდეგ ზედიზედ მესამე თვეა რაც იკლებს. წლის დასაწყისიდან რუსეთში ღვინის ექსპორტი თვეების მიხედვით წლიურად მზარდი იყო, აგვისტოს შემდეგ კი შემცირება გვაქვს, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, 10 თვეში ღვინის ჯამური ექსპორტი ღირებულებაში გაზრდილია. ბოლო სამი თვის სტატისტიკა ასეთია:
აგვისტო - $12.9 მლნ, 4 951 ტონა; კლება - 28.9%;
სექტემბერი - $16.9 მლნ, 6 599 ტონა; კლება - 10.7%;
ოქტომბერი - $15 მლნ, 5 590 ტონა; კლება - 23.3%.
რაც შეეხება ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო საქონლის მთავარ სარეალიზაციო ბაზრებს, უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში ღვინის გაყიდვები უკრაინის მიმართულებით გააქტიურდა საექსპორტო ქვეყნების TOP-10-ეული ასე გამოიყურება:
- რუსეთი - $144 მლნ, 53 547 ტონა;
- პოლონეთი - $11.7 მლნ, 4 652 ტონა;
- უკრაინა - $11.6 მლნ, 4 158 ტონა;
- ჩინეთი - $9.4 მლნ, 2 632 ტონა;
- ყაზახეთი - $8.1 მლნ, 2 599 ტონა;
- ბელარუსი - $6.2 მლნ, 2 177 ტონა;
- აშშ - $4.2 მლნ, 680 ტონა;
- გერმანია - $3.2 მლნ, 876 ტონა;
- ლატვია - $3.2 მლნ, 948 ტონა;
- ლიეტუვა - $1.8 მლნ, 547 ტონა.
საექსპორტო ბაზრებს შორის არის ასევე ესტონეთი, გაერთიანებული სამეფო, იაპონია, ისრაელი, თურქეთი, კანადა, აზერბაიჯანი, მონღოლეთი, საფრანგეთი, უზბეკეთი, შვედეთი, ნორვეგია, ყირგიზეთი, კორეა და სხვა.