მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ OECD-ის ანტიკორუფციულ შეფასებაში მონაწილეობაზე უარი უთხრა

649ac55d38780
შოთა ტყეშელაშვილი
27.06.23 15:19
522
საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული ქსელის მონიტორინგში მონაწილეობაზე უარი თქვა. საქართველო ბოლო 20 წლის განმავლობაში მუდმივად იღებდა მონაწილეობას ამ გამოკვლევაში, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციამ ორგანიზაციის შემდგომ მონიტორინგში მონაწილეობაზე უარი თქვა.

ამ უარისთვის საქართველო ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, 22 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკრიტიკა. ვარჰეიმ საქართველოს მოუწოდა მონაწილეობა მიიღოს ამ შეფასებაში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე კითხვები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. TI საქართველოს, IDFI-ის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და GMC-ის ინფორმაციით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მონიტორინგს არ დათანხმდა, განსხვავებით: უკრაინის, მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და მონღოლეთისგან.

“OECD/ACN-ის მონიტორინგის მიზანია, ქვეყნის ანტიკორუფციული გარემოს ძირეული შეფასება, გამოწვევების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა. მონიტორინგი 2003 წლიდან სტამბოლის სამოქმედო გეგმის (IAP) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და წევრი ქვეყნების მიერ გაერო-ს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის (UNCAC), სხვა საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მუდმივ მონიტორინგს გულისხმობს.

მონიტორინგის მე-5 რაუნდის ფარგლებში, 2023 წელს უნდა შეფასებულიყო ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა:

ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
კორუფციის კანონის პრაქტიკაში აღსრულება, მათ შორის თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემის ფუნქციონირება;
სასამართლოსა და პროკურატურის სისტემების ფუნქციონირება;
მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების გამოძიების ეფექტურობა.
ამ მიმართულებებით ქვეყნის ანტიკორუფციული გარემოს შეფასება და გამოწვევების იდენტიფიცირება, ახლადშექმნილი ანტიკორუფციული ბიუროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნებოდა, რადგან სწორედ ამ უწყებამ უნდა შეიმუშავოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია, რომელიც ქვეყანას 3 წელია არ აქვს.

საქართველოს მთავრობის მიერ OECD/ACN მონიტორინგში მონაწილეობაზე უარი ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ანტიკორუფციული რეფორმების გატარების დღის წესრიგს. ამ მიმართულებით რეფორმების შეჩერება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებასთან, რადგან ანტიკორუფციული რეფორმების გატარება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი ვალდებულებაა.

საყურადღებოა, რომ OECD/ACN-ის მონიტორინგის პროცესი მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ და საქართველოს შემთხვევაში, შესაძლოა, გავლენა იქონიოს კანდიდატის სტატუსის მიღებაზეც. საქართველოს მთავრობას OECD/ACN-ის პროცესის დატოვების გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმაც.

ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს სტამბოლის სამოქმედო გეგმის (IAP) ფარგლებში დაწყებულ მონიტორინგის პროცესს და გააგრძელოს თანამშრომლობა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელთან (OECD/ACN),”- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

BMG-იმ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას მიმართა კითხვით, თუ რატომ ითქვა ამ შეფასებაში მონაწილეობაზე უარი. პასუხს მკითხველს მიღებისთანავე შევთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები