მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ შარშან $36.4 მლნ-ის მარგარინი იყიდა - TOP-10 საიმპორტო ქვეყანა

6232f284e204f
ვიქტორია მღებრიშვილი
17.03.22 13:00
2489
საქართველოდან გასულ წელს 24 740 ტონა მარგარინის შესაძენად 36.4 მლნ დოლარი გავიდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს მარგარინის იმპორტი 2020 წელთან შედარებით 69.2%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით - 55.4%-ით.

მარგარინის საიმპორტო ბაზრებს შორის სამი მთავარი ქვეყანა რუსეთი, თურქეთი და უკრაინაა.  რაც შეეხება Top-10 ბაზარს, სადაც საქართველო მარგარინს ყიდულობს, ისინი იმპორტის მოცულობებითა და ღირებულებით ასე გამოიყურება:

1. რუსეთი - 17.7 მლნ დოლარი, 12 069 ტონა;
2. თურქეთი - 6.1 მლნ დოლარი, 4 657 ტონა;
3. უკრაინა - 6 მლნ დოლარი, 3 667 ტონა;
4. აზერბაიჯანი - 2.6 მლნ დოლარი, 1 997 ტონა;
5. პოლონეთი - 2.3 მლნ დოლარი, 1 506 ტონა;
6. შვედეთი - 558.4 ათასი დოლარი, 272 ტონა;
7. ბელგია - 305 ათასი დოლარი, 177 ტონა;
8. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 162 ათასი დოლარი, 131 ტონა;
9. ინდონეზია - 154 ათასი დოლარი, 89 ტონა;
10. ნიდერლანდები - 94 ათასი დოლარი, 34 ტონა.

ამ ქვეყნების გარდა მცირე მოცულობებით მარგარინს მალაიზიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთსა და ბელარუსში ვყიდულობთ.

რაც შეეხება მიმდინარე წელს მარგარინის საიმპორტო მოცულობებს, საქართველომ იანვარში 4.9 მლნ დოლარის ღირებულების 3 163 ტონა მარგარინი შეიძინა.

„მოსახლეობა იგრძნობს, როცა რუსეთიდან არ შემოვა პური, ზეთი, მარგარინი“... – ეს განცხადება „ოცნების“ დეპუტატმა და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ეკატერინე სეფაშვილმა რამდენიმე დღის წინ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან გააკეთა და ამ ფორმით შეეცადა ოპოზიციის და საზოგადოების იმ ჯგუფების კრიტიკას, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებისგან რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო ეკონომიკურ სანქციებთან მიერთებას ითხოვენ. „დაფიქრდით, რა დისკომფორტის მინიჭება შეუძლია საქართველოს ეკონომიკური სანქციებით?... საქართველოს მოსახლეობა ძალიან ადვილად და იოლად იგრძნობს, როდესაც პური არ შემოვა, ხორბალი, წიწიბურა, მაკარონი, მარგარინი, მზესუმზირის ზეთი არ შემოვა და ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება. მერე დაიწყეთ ინფლაციაზე და ლარის გაუფასურებაზე საუბარი“, - თქვა დეპუტატმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები