მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ სპილენძის მადნების ექსპორტით $933 მლნ-ის შემოსავალი მიიღო - სტატისტიკა

63a46a6f228c8
ვიქტორია მღებრიშვილი
22.12.22 19:05
1016
სპილენძის მადნები და კონცენტრატები ქვეყნისთვის მთავარი საექსპორტო საქონელია. 11 თვის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წელს საქართველომ აღნიშნული საქონლის ექსპორტით 933 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24.4%-ითაა გაზრდილი.

შედეგად სპილენძის მადნები და კონცენტრატები 18.5%-იანი წილით საექსპორტო საქონლის ათეულში პირველ ადგილს იკავებს.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტირებული პროდუქტის მოცულობები 2020 წელთან შედარებით 15.5%-ით შემცირებულია. შესაბამისად, მიმდინარე წელს სხვადასხვა ქვეყანაში 393 611 ტონა სპილენძის მადნები და კონცენტრატები გაიყიდა, მაშინ როდესაც 2020 წელს ექსპორტის მოცულობა 439 003 ტონას შეადგენდა, ღირებულება კი 728.6 მლნ დოლარი იყო. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიურ წელთან შედარებით საერთაშორისო ბაზარზე აღნიშნული საქონლის ღირებულება გაიზარდა.

რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, ამ პერიოდის განმავლობაში სპილენძის მადნების და კონცენტრატების რეალიზება მხოლოდ 5 ბაზარზე მოხდა. ღირებულების მიხედვით ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:

1. ჩინეთი - 517.7 მლნ დოლარი, 220 071 ტონა;
2. ბულგარეთი - 374.6 მლნ დოლარი, 154 570 ტონა;
3. ესპანეთი - 36.6 მლნ დოლარი, 18 115 ტონა;
4. კორეის რესპუბლიკა - 3.8 მლნ დოლარი, 832 ტონა;
5. თურქეთი - 36 ათასი დოლარი, 21 ტონა.

ამავე პერიოდში საქართველოდან სპილენძის მადნების და კონცენტრატების შესაძენად 725.4 მლნ დოლარი გავიდა და ჯამში ქვეყანამ 335 499 ტონა საქონელი იყიდა. შედეგად იმპორტის ღირებულება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.5%-ით გაიზარდა.

TOP-10 საიმპორტო ბაზრის რეიტინგი კი ასეთია:

1. სომხეთი - 353.2 მლნ დოლარი, 173 471 ტონა;
2. ჩილე - 139.6 მლნ დოლარი, 48 549 ტონა;
3. ინდონეზია - 81.9 მლნ დოლარი, 42 279 ტონა;
4. სერბეთი - 68.9 მლნ დოლარი, 40 579 ტონა;
5. ბრაზილია - 42.4 მლნ დოლარი, 9 067 ტონა;
6. მონტენეგრო - 17.4 მლნ დოლარი, 9 031 ტონა;
7. თურქეთი - 9.7 მლნ დოლარი, 6 249 ტონა;
8. აზერბაიჯანი - 5.8 მლნ დოლარი, 3 465 ტონა;
9. ალბანეთი - 4.3 მლნ დოლარი, 2 311 ტონა;
10. ლუქსემბურგი - 1.8 მლნ დოლარი, 493 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები