საქსტატმა 2025 წლის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს იმპორტი 18.5 მილიარდ დოლარს (ზრდა 9.7%), ექსპორტი კი 7.3 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად 11%-ით არის გაზრდილი.
18.5-მილიარდიან იმპორტში პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს 3.9 მილიარდი დოლარის ოდენობით, თუმცა ამ ავტომობილების უდიდესი ნაწილი - 2.8 მილიარდის ავტომობილები საქართველომ რეექსპორტის გზით უცხოეთში გაყიდა, შესაბამისად ამ მხრივ წმინდა იმპორტი 1.1 მილიარდი დოლარის ფარგლებშია. რაც შეეხება სხვა საქონელს, იმპორტში მეორე პოზიციას ნავთობპროდუქტები იკავებს 1.3 მილიარდი დოლარის ოდენობით. მესამე ადგილზე კი მედიკამენტებია 680 მილიონი დოლარით.
ამასთან, იმპორტის სტატისტიკაზე გავლენა იქონია 2025 წლის იანვარში განხორციელებულა ერთჯერადმა ოპერაციამ, რაც ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი ხელოვნების ნიმუშების უცხოეთიდან საქართველოში რელოკაციას უკავშირდებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით ნახატები იმპორტში 482 მილიონი დოლარის ოდენობით აისახა. რომ არა ნახატების გადმოტანის ოპერაცია 2025 წელს საქართველოს ჯამური იმპორტი 18.5 მილიარდი დოლარის ნაცვლად 18 მილიარდი დოლარი იქნებოდა, ხოლო იმპორტის წლიური ზრდა 9.7%-ის ნაცვლად 5%-ის ფარგლებში იქნებოდა.
2025 წელს საქართველოს იმპორტი საქონლის მიხედვით ასე ნაწილდებოდა:
| # | საქონელი | ექსპორტი - მილიონი დოლარი | ცვლილება წინა წელთან |
| 1 | მსუბუქი ავტომობილები | $3,871 მლნ დოლარი; | 12% |
| 2 | ნავთობი და ნავთობპროდუქტები | $1,359 მლნ დოლარი; | 4% |
| 3 | სამკურნალო საშუალებები დაფასოებული | $680 მლნ დოლარი; | 10% |
| 4 | სურათები, ნახატები | $482 მლნ დოლარი; | 110,531% |
| 5 | ბუნებრივი აირი | $444 მლნ დოლარი; | 2% |
| 6 | მობილური ტელეფონები | $343 მლნ დოლარი; | 3% |
| 7 | თამბაქოს ნაწარმი | $160 მლნ დოლარი; | -1% |
| 8 | სატვირთო ავტომობილები | $151 მლნ დოლარი; | -32% |
| 9 | კომპიუტერები | $150 მლნ დოლარი; | -41% |
| 10 | ვაქცინები, სისხლი და იმუნური შრატები | $145 მლნ დოლარი; | 40% |
| 11 | დანარჩენი საქონელი – სულ | $10,745 მლნ დოლარი; | 8% |
რაც შეეხება საიმპორტო ქვეყნებს, საქართველომ ყველაზე მეტი - 2.8 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი თურქეთიდან შეიძინა, საიდანაც იმპორტის ზრდა 0%-ია. მეორე ადგილზეა აშშ 2.7 მილიარდი დოლარის ოდენობით, რაც ძირითადად მეორადი მსუბუქი ავტომობილების იმპორტს უკავშირდება, ამ მხრივ აშშ-დან იმპორტის მატება 32.9%-ია. მესამე პოზიციაზეა ჩინეთი 2 მილიარდი დოლარით, საიდანაც იმპორტის ზრდა 23%-ია.




























