მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს არ აქვს ფუფუნება, [ახლო აღმოსავლეთის] კონფლიქტში მხარედ იქცეს - ბაკო ხელაძე

ბაკო ხელაძე

2020-2022 წლებში, ირანში საქართველოს საელჩოს თანამშრომლის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ ბაკო ხელაძის აზრით, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ [ახლო აღმოსავლეთის] და სხვა ნებისმიერ კონფლიქტში მხარედ იქცეს.

ამის შესახებ მან საქართველოს მთავრობის მიერ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მთავრობა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"ალბათ, თავად განცხადება, ცალკე აღებული, საკმაოდ ლოგიკური იყო იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც საქართველო იმყოფება", - აღნიშნა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა BMGTV-ის გადაცემა "წერტილთან" ინტერვიუში, სადაც მოკლედ ისაუბრა ირან-საქართველოს შორის არსებულ კავშირებზე და ასევე გაიხსენა, 2024 წელს, ირანის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიალზე, თეირანში ირაკლი კობახიძის ვიზიტი. "ცივი, მაგრამ ჯენტლმენური შეთანხმება" - ასე აღწერს ბაკო ხელაძე ორი ქვეყნის ურთიერთობას.

ინტერვიუ ბაკო ხელაძესთან

- ყველამ ვნახეთ „ქართული ოცნების“ მთავრობის განცხადება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე. თქვენ, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, რა ამოიკითხეთ ამ განცხადებაში და ზოგადად, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიციონირება ამ სიტუაციაში?

- ალბათ, თავად განცხადება, ცალკე აღებული, საკმაოდ ლოგიკური იყო იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც საქართველო იმყოფება. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც პრაქტიკულად არ გააჩნია იმის შესაძლებლობა, რომ ჩაიკეტოს ან დამოუკიდებლად გაუმკლავდეს იმ საფრთხეებს, რაც შეიძლება ირანიდან წამოვიდეს. დავინახეთ, რომ ირანის უშუალო მეზობლებიც კი არ არიან უსაფრთხოდ, ამიტომ საქართველოს ნამდვილად არ აქვს იმის ფუფუნება, ამ ან სხვა ნებისმიერ კონფლიქტში მხარედ იქცეს. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ ისეთი ძლიერი სახელმწიფო, რომ ეს შევძლოთ. გამიხარდებოდა, სხვანაირად რომ იყოს, მაგრამ რეალობა ასეთია.

- ვისი იმედიც უნდა გვქონდეს, ვგულისხმობ აშშ-ს, სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია და ქვეყნებს შორის ურთიერთობა მკვეთრად დაზიანებულია...

- დიახ, ვინმეს იმედიც არ გვაქვს. სწორედ ამიტომ, ძალიან სუსტ და მყიფე მდგომარეობაში ვიმყოფებით, რაც ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებების კეთების საშუალებას არ გვაძლევს... ზოგადად, ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ იმაზე, თითქოს საქართველო ირანს უახლოვდება. საინტერესო ის არის, რომ მიუხედავად გარკვეული დაახლოებისა, ვიზიტები ისეთ დონეზე იმართებოდა, რაც მანამდე არასდროს მომხდარა. ადრე საქართველო ნებისმიერ ცერემონიალურ ღონისძიებაზე - იქნებოდა ეს პრეზიდენტის ინაუგურაცია თუ დაკრძალვა - წარმოდგენილი იყო შედარებით დაბალი რანგის ფიგურით, მაგალითად, მინისტრის მოადგილის დონეზე. ეს, ერთი მხრივ, იყო მესიჯი ირანელებისთვის, რომ ჩვენ მათ პატივს ვცემთ და რაღაცებს ვითვალისწინებთ, მაგრამ ამავდროულად, პატივს ვცემთ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებსაც. ირანელები ამას გაგებით ეკიდებოდნენ და ეს იყო ერთგვარი „ცივი“, მაგრამ ჯენტლმენური შეთანხმება. თავის მხრივ, ირანელები არასოდეს არღვევდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და ყოველთვის აღიარებდნენ ჩვენს საზღვრებს. მიუხედავად იმისა, რომ მათი სტრატეგიული მოკავშირე (რუსეთი) ჩვენთვის ოკუპანტია, ეს საკითხი რაღაცნაირად დაბალანსებული ჰქონდათ.

- რას ნიშნავდა ირაკლი კობახიძის ვიზიტი 2024 წელს თეირანში, ირანის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად?

- ზუსტად ამ საკითხამდე მივდიოდი... თემა ის არის, რომ თითქოს ყველაფერი დალაგებული იყო, მაგრამ უცებ ურთიერთობის დონე ისე აიწია, რომ თავად ირანელები მეკითხებოდნენ - ვერ გაიგეს, რა ხდებოდა.

- ვერ გაიგეს, რატომ ჩავიდა ირაკლი კობახიძე ირანში?

- დიახ, ვერ მიხვდნენ, რადგან საქართველოს მხრიდან მსგავსი ჟესტი - ასეთი მაღალი რანგის ფიგურის ჩასვლა ცერემონიალზე, მანამდე არასდროს მომხდარა. ხაზს ვუსვამ, სწორედ ცერემონიალზე, თორემ სამუშაო დელეგაციები ყოველთვის დადიოდნენ.

- თქვენ რა უთხარით ამ ფაქტით გაკვირვებულ ირანელებს?

- სიმართლე გითხრათ, ზუსტად არც მე ვიცი, რა შეიცვალა. ძალიან რთული სათქმელია. ერთი მხრივ, გვისაყვედურებენ, რომ ირანთან ურთიერთობებს ვავითარებთ, მაგრამ ირანელებიც გვეუბნებიან: თქვენი ურთიერთობები ისრაელთან ძალიან კარგად მიდის და პარალელურად მათ უახლოვდებითო... თუ გახსოვთ, მაგალითად, შარშან ისრაელის უშიშროების მინისტრი იყო საქართველოში ჩამოსული, შემდეგ ჩვენგან ჩავიდა დელეგაცია შინაგან საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით. ჩვენი ეს ძალოვნების კონტაქტები ისრაელთან ირანელებისთვის პირდაპირ „ჭრილობაზე მარილის დაყრასავით“ იყო და ამაზე ძალიან ბრაზდებოდნენ. ამდენად, ცალსახად ვერაფერს იტყვი - ჩვენ აქეთაც ვთამაშობთ და იქითაც. საბოლოო ჯამში კი ისე გამოდის, რომ საყვედურები ორივე მხრიდან ისმის. მგონი, დღეს ისრაელშიც ვერ ხვდებიან ბოლომდე რაღაცებს და ირანშიც... საკმაოდ დიდი დაბნეულობაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები