ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ამბობს, რომ ქვეყანაში საკონსტიტუციო გადატრიალება მოხდა, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი თავი "ფაშად" გამოაცხადა და ხელისუფლება მიიტაცა. როგორც ქადაგიძე BMG-ის ეუბნება, ამ პოლიტიკურ კრიზისს აუცილებლად მოჰყვება ეკონომიკურიც.
"ჩვენ ვართ ფაქტის წინაშე, როცა ივანიშვილმა საკუთარი თავი ფაშად გამოაცხადა და საკუთარი მარიონეტების მეშვეობით მთავრობის, პარლამენტის, სასამართლოს იმიტაციას აკეთებს. სამწუხაროდ, საქართველოს ბელორუსიზაცია გრძელდება და ღრმა ეკონომიკური კრიზისი გველის, რაც ჩემი ვარაუდით დაიწყება უძრავი ქონებიდან და გადაიზრდება საბანკო კრიზისში. პირველი ვინც განადგურდება იქნება ისედაც მცირე საშუალო ფენა, რადგან ოლიგარქიული რეჟიმის არსიც სწორედ ეს არის.
ივანიშვილს უნდა რომ მარტო ღარიბები იყვნენ ამ ქვეყანაში და სოციალურ შემწეობას იღებდნენ. ხოლო თვითონ და მისი გარემოცვა იქნება უკიდურესად მდიდარი, რომელიც მდიდრდება ამ ქვეყნის ძარცვით. ეს არის ყველა ოლიგარქიული რეჟიმის მოდელი და ეს უნდა დავასრულოთ.
მინდა, იმ ადამიანებს გავახსენო, ვინც ნიჰილისტურად არის განწყობილი რომ არათუ ბიძინა ივანიშვილი, არამედ მუბარაქმა, რომელიც 30 წელი მართავდა ეგვიპტეს და გაცილებით მდიდარი და ფესვგადგმული იყო, რამდენიმე კვირაში დაასრულა მმართველობა, როდესაც ამის მომენტუმი დადგა. ასე იქნება ივანიშვილიც და მისი რეჟიმიც ჩამოიშლება იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს ბევრს ჰგონია", - ამბობს ქადაგიძე.
დღეს, 25 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა. სხდომას მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებოდნენ, რადგან ბარიერგადალახული ოპოზიცია ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს.