მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს დელეგაცია ჩინეთშია - როგორია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირი?

ჩინეთი

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ქართულ დელეგაციასთან ერთად პეკინში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ლევან დავითაშვილი ჩინეთის ვიცე-პრემიერს, ტინგ სუესიანგს შეხვდა.

bm.ge დაინტერესდა, როგორია ეკონომიკური კავშირი რიცხვებში ჩინეთთან, რომელიც იანვარ-ივლისში საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში მეოთხეა.

ვაჭრობა

საერთო ჯამში გასული ათი წლის განმავლობაში, საქართველო - ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა 2.5-ჯერ გაიზარდა. თუ 2013 წელს, ბრუნვის მაჩვენებელი სულ რაღაც 646 მილიონი დოლარის ტოლი იყო, 2023 წელს მან 1 მილიარდ 640 მილიონ დოლარს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა. თან, იმ დროს, მოლაპარაკებები რეკორდულად მცირე დროში, შვიდ თვეში დასრულდა.

თუ 2012-დან 2017 წლის ჩათვლით, საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა ჯამში 46%-ით გაიზარდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებიდან 2022 წლის ჩათვლით, ვაჭრობა კუმულაციურად თითქმის 100%-ით გაიზარდა, ანუ ფაქტობრივად გაორმაგდა.

2024 წლის იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვამ 1.05 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე 8.5%-ით მეტია.

1.05 მლრდ-დან მიმდინარე წელს ექსპორტი 175.7 მლნ აშშ დოლარი იყო, იმპორტი კი, 880.2 მლნ აშშ დოლარი.

ექსპორტი გასულ წელთან შედარებით 27.6%-ით გაიზარდა. TOP-5 საექსპორტო პროდუქტი:

  1. ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები - $104.3 მლნ;
  2. კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - $22.4 მლნ;
  3. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $16.9 მლნ;
  4. მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები - $14.5 მლნ;
  5. ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - $5.1 მლნ.

იმპორტი გასულ წელთან შედარებით 25.2%-ით გაიზარდა. TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი:

  1. კონდიციონერები - $30.2 მლნ;
  2. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - $30.8 მლნ;
  3. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან - $29.8 მლნ;
  4. სატვირთო ავტომობილები - $28.9 მლნ;
  5. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - $25.5 მლნ.

ტურიზმი

ჩინეთის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი მიმდინარე წლის თებერვალში შემოიღო, რის შემდეგაც ჩინეთში გაჩერება 30 დღის ვადით უვიზოდაა შესაძლებელი. გასულ წელს საქართველოს მთავრობამ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა. მთავრობის განმარტებით, საქართველოს ინტერესს ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და აზიური სახელმწიფოდან კაპიტალის მოზიდვა წარმოადგენს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, წლის პირველ ორ კვარტალში საქართველოს ჩინეთის 32 853 მოქალაქე სტუმრობდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 159.5% ზრდაა.

FDI

2023 წელს ჩინეთიდან საქართველოში 47.3 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, რითაც ათეულში მეცხრე ადგილს იკავებდა. მიმდინარე წლის ორ კვარტალში კი, საქსტატის მონაცემებით ჩინეთი ათეულში ვერ მოხვდა. ყველაზე მეტი, 76 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩინეთიდან 2018 წელს განხორციელდა.

დიდი ვარაუდით, ინვესტორების სტატისტიკა სულ მალე რადიკალურად შეიცვლება, რადგან, 2024 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 49%-იან წილს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ჩაიბარებს.

ალტერნატივა არ განიხილება, ანაკლიაზე ხელშეკრულება ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან მალე გაფორმდება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები