პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ხელშეკრულება ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან გაფორმდება და ალტერნატივები არ განიხილება. ამის შესახებ პრემიერმა BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
საქმე ისაა, რომ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში საბოლოოდ გამარჯვებულად შესაძლოა არც დასახელებულიყო. საქართველოს მთავრობამ კონსორციუმი კონკურსში უპირატეს მონაწილედ 29 მაისს გამოაცხადა. მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ ოფიციალურად გამარჯვებულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა, თუმცა პროცესი ამ დრომდე არ დასრულებულა.
BMG დაინტერესდა რა ეტაპზეა პროცესი, რაზეც ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან შესაბამისი ხელშეკრულება მალე გაფორმდება, ამ ეტაპზე კი ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს.
"მცირე დეტალები დარჩა დასაზუსტებელი, რაც არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი. ისედაც გვქონდა რამდენიმეთვიანი ვადა პროგნოზირებული ამ შეთანხმების დასაზუსტებლად. ეს არის ტექნიკური სამუშაო პროცესი. რამდენიმე მცირე დეტალი დარჩა დასაზუსტებელი, როგორც კი დაზუსტდება, მაშინვე ხელი მოეწერება. არავითარი ალტერნატივა არ განიხილება, არის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება ანაკლიასთან დაკავშირებით წელს", - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, 2024 წლის მაისში, შესარჩევ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს პრეტენდენტად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი (China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური) გამოვლინდა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე კი ხელშეკრულება ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან (იან დე ნული) გაფორმდა.