მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული ხედვა - EPRC

606f1027ce18a
BM.GE
08.04.21 22:30
995
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) გამოაქვეყნა საქართველოს ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული ხედვა (2022-2028), რომელიც პანდემიურ და პოსტ-პანდემიურ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის რეკომენდაციებს მოიცავს.

დოკუმენტის თანახმად, მოკლევადიან პერიოდში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია შეიცვალოს ხედვა და ვირუსის მართვისთვის ლოქდაუნების პოლიტიკის ნაცვლად, უფრო მიზნობრივი შეზღუდვები შენარჩუნდეს. ორგანიზაცია სახელმწიფოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თანმიმდევრული და გამჭვირვალე ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, რათა საზოგადოებისთვის და ბიზნესისთვის გასაგები და განჭვრეტადი იყოს თუ რას მოიმოქმედებს ხელისუფლება.

ამასთან, სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი საქართველოს მთავრობას ბიუროკრატიული ხარჯებისა და სუბსიდიების შემცირებისკენ მოუწოდებს. ასევე დოკუმენტში საგადასახადო და ბიუროკრატიული წნეხის შემცირებაზე და მთავრობის ზომის შემცირებაზე არის საუბარი. მათ შორის დოკუმენტში ხაზგასმულია საშემოსავლო გადასახადის 3-4%-ით შემცირების მნიშვნელობაც. 

შედარებით გრძელვადიანი ხედვის მხრივ კი EPRC-ის ეკონომიკური ჯგუფი საქართველოს მთავრობას სასამართლო რეფორმის გატარებისკენ მოუწოდებს, რათა ქვეყანაში საკუთრების უფლების დაცვის ხარისხი გაიზარდოს და ამ მხრივ საქართველომ უფრო მეტი საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა შეძლოს. დოკუმენტში საუბარია განათლების რეფორმაზეც, რომლის შედეგადაც ქვეყნის სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობა უნდა გაიზარდოს.

ეკონომიკური განვითარების სტარტეგია საქართველოს მთავრობას სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის დაწყებისკენ და აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მუშაობის გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

საქართველოს ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული ხედვა

“პირველი რიგის ამოცანაა სასამართლოს რეფორმა. მის გარეშე ინვესტიციების გადინების ტენდენციის შენარჩუნების რისკი დიდია, ხოლო ინვესტორის მოზიდვა, გლობალური კონკურენციის ფონზე, შეუძლებელი იქნება. ამასთან დაკავშირებით, აუცილებლად მიგვაჩნია პოლიტიკური პარტიების 2020 წლის 13 მარტის მემორანდუმის პრინციპების23 ირგვლივ ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის დაწყება და შეთანხმებამდე მისვლა. ამასთან, ინვესტორთა თვალში საქართველოს დაზიანებული იმიჯის აღდგენის პროცესში მნიშვნელობა ექნება საერთაშორისო არბიტრაჟისათვის მიმართვის შესაძლებლობათა გაფართოებას.

მოკლევადიანი (მიმდინარე წელსვე):

ეკონომიკის დროული გახსნა; ეპიდემიური ეკონომიკის ბლანკეტური, დივერსიული და დისკრეციული მართვიდან მართლაც მისამართულ/მიზნობრივ მართვაზე და რეაგირებაზე გადასვლა: დროის, ადგილის და ტემპის შერჩევა ეპიდემიოლოგიური ინტერვენციებისათვის ეკონომიკაში – lock-down-ების მიდგომიდან, lock-out-ების (იზოლირების) პრინციპზე გადასვლა;

თანმიმდევრული, პროგნოზირებადი ქმედებები, რომლებიც გაზომვად ინდიკატორებზე იქნება დამოკიდებული და არა „თათბირის“ შედეგებზე, და რომლებიც საკმარის დროს უნდა იძლეოდეს კერძო სექტორის რეაგირებისთვის;

სექტორულ დახმარებებზე, ბიზნესის ხელშემწყობ პროგრამებსა და სუბსიდირებაზე, თუნდაც მოკლევადიანზე, უარის თქმა. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული კერძო სექტორის მხარდამჭერი პროგრამების დიდი ნაწილი ვერ აღწევს დეკლარირებულ მიზნებს და, ხშირ შემთხვევაში, უკვე კარგად ჩამოყალიბებული, ბაზარზე მყარად დაფუძნებული მსხვილი კომპანიების სუბსიდირებას ახდენს. პროგრამების უმეტესობა (განსაკუთრებით ფასების კონტროლზე ორიენტირებული ღონისძიებები) მნიშვნელოვნად ამახინჯებს თავისუფალი ბაზრის ოპერირებას და კერძო სექტორს უბიძგებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისკენ, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაზრდას არ ემსახურება. ამასთანავე, პროგრამების ნაწილი, რომელთა დეკლარირებულ მიზნად ბიზნესის განვითარებაა დასახული, რეალურად სოციალური ხასიათის პროექტებია. შესაბამისად, როდესაც მათ განხორციელებაში ბენეფიციართა სოციალური მდგომარეობის გათვალისწინება არ ხდება, ეს დამატებით რისკს ქმნის საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი გამოყენების მიმართულებით. რომ შევაჯამოთ, მნიშვნელოვანია მკვეთრად შემცირდეს აღნიშნული პრაქტიკა; და მხოლოდ წინასწარ, მკაფიოდ გაწერილი მიზნის, განხორციელების გეგმისა და შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მოხდეს საქართველოს ეკონომიკისთვის ამ რთულ პერიოდში, ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება;

საგადასახადო, ბიუროკრატიული/არასაგადასახადო წნეხისა და მთავრობის ზომის შემცირების დაწყება; მთავრობის ზომას განსაზღვრავს გადასახადების და რეგულატორული წნეხის ერთობლიობა. პირდაპირი და ირიბი რეგულატორული დანახარჯები ბიზნესის ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და საჭიროა ამ წნეხის სისტემური და მაქსიმალური შემსუბუქება, მისი დაყვანა მხოლოდ იმ რეგულაციებამდე, რომლებიც საქართველოს მიერ აღებულ პირდაპირ საერთაშორისო ვალდებულებებს წარმოადგენს. ასეთი ვალდებულებები, ყველა შესაძლო შემთხვევაში, ინტერპრეტირებული უნდა იყოს ბიზნესის სასარგებლოდ. ასევე მნიშვნელოვანია საგადასახადო წნეხის შემცირება არსებულთან შედარებით -3-4 საპროცენტო პუნქტი, აქცენტით საშემოსავლო გადასახადის შემცირებაზე, რათა ხელი შეეწყოს დასაქმებას და საქართველოს საგადასახადო რეჟიმი თვალსაჩინოდ უკეთესი იყოს კონკურენტი ქვეყნების საგადასახადო რეჟიმზე.

უნდა გაუქმდეს „თავისუფლების აქტის“ მოქმედების ვადის დათქმა და მას მუდმივმოქმედი ორგანული კანონის სტატუსი შეუნარჩუნდეს.

საშუალოვადიანი (2022-2025):

● სახელმწიფო საწარმოების პრივატიზება საპარტნიორო ფონდის ჩათვლით;
● აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე პროგრესის მიღწევა;
● ტურიზმის აღდგენის კონკრეტული გეგმა, რადგან ეკონომიკური ზრდის ყველა მოსალოდნელი პროგნოზი ტურიზმის გაცოცხლებაზეა დამოკიდებული; COVID19-ის ფონზე ტურისტულ ბაზარზე შეცვლილი მოცემულობის, მომხმარებელთა ქცევის, პრეფერენციების და ა.შ. გათვალისწინებით, უახლეს კვლევებზე დაყრდნობით, არსებული მიზნების და პოზიციონირების გადახედვა, სტრატეგიული გეგმის შემუშავება და განხორციელებისთვის აუცილებელი რესურსების ალოკაცია. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამ გეგმის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი შემადგენელია;
● საქართველო, როგორც „პარკინგი“ ბევრი მდიდარი ადამიანისთვის. ეს გაზრდის საქართველოში ფინანსური კაპიტალის შემოდინებას. სასამართლო რეფორმა, მიმზიდველი საგადასახადო გარემო, მარტივი, მკაფიო რეგულაციები და უსაფრთხო გარემო „პარკინგის“ კონცეფციის წინაპირობებია.

გრძელვადიანი (2022-2028):

განათლების რეფორმა, რომელმაც უნდა გაზარდოს საქართველოს მოქალაქეების (ა) კონკურენტუნარიანობა დასაქმების გლობალურ ბაზარზე, და (ბ) პოტენციალი, დასაქმდეს ეკონომიკის უფრო პროდუქტულ სექტორებში. ამ რეფორმის შედეგად, ქვეყანაში უნდა გაჩნდეს კვალიფიციური მუშახელი ეკონომიკის სხვადასხვა სექტროში, რაც ასევე გაზრდის საქართველოს მიმზიდველობას საერთშორისო ინვესტორებისათვის. განათლების რეფორმა უნდა დაეფუძნოს საგანმანათლებლო დაწესებულებების ფინანსურ (ინსტიტუციური დაფინანსების შეზღუდვა, ვაუჩერული დაფინანსება, სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების თანასწორობა) და მმართველობით (სკოლის საბჭოები, უნივერსიტეტების ავტონომია) ეფექტიან ავტონომიას, დეცენტრალიზაციის და პლურალიზმის პრინციპს.

ადმინისტრაციული რეფორმა, რომელმაც უნდა გააძლიეროს ადგილობრივი თვითმმართველობები მათთვის მეტი კომპეტენციისა და ფინანსების გადაცემით. ადგილობრივი თვითთმართველობის დონეზე მეტი პოლიტიკური პლურალიზმის (მრავალპარტიული საკრებულოები, სხვადასხვა პარტიის/კოალიციის მიერ უმრავლესობის მოპოვება სხვადასხვა საკრებულოში) დამკვიდრებამ და არჩევითი პოზიციების დამატებამ უნდა გაზარდოს ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულება და შეამციროს კორუფციული რისკი.

ურბანიზაციის პოლიტიკა, რომელიც ისეთი საკვანძო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში უნდა გამოიხატოს, რომელიც ხელს შეუწყობს (ა) რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის გაზრდას, და (ბ) სამუშაო ძალის მაღალპროდუქტულ სექტორებში გადანაცვლებას,"- ნათქვამია დოკუმენტში. 

EPRC-ის ეკონომიკური ჯგუფის შემადგენლობა ასეთია:

ზურაბ ჭიაბერაშვილი
ვატო ლეჟავა
გიორგი პაპავა
ნიკოლოზ ალავიძე
ნინო ევგენიძე
ალექსი ხოროშვილი
ანდრია ურუშაძე
დავით გზირიშვილი
რესან ქიქავა
ირინა გურული

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები