„თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 9%-ზე მეტად გაიზრდება. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას „თიბისი ჯგუფის“ მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ განაცხადა.
„აგვისტოში ეკონომიკის ზრდამ 12% შეადგინა, რაც ჩვენს დაახლოებით, 9.3-10%-იან პროგნოზს აღემატება. შესაბამისად, სრული 2024 წლის მოლოდინიც აქამდე არსებულ 9%-თან შედარებით უფრო მეტია“, - წერია „თიბისი კაპიტალის“ ყოველთვიურ მაკროეკონომიკურ მიმოხილვაშიც.
ოთარ ნადარაიას შეფასებით, ტრადიციული ტურიზმი ანუ ტურიზმი მიგრაციის ეფექტის გარეშე და ადგილობრივი ექსპორტის მატება არის ის ორი მთავარი ფაქტორი, რაც ქვეყანაში მაღალ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს.
„ტრადიციული ტურიზმი ანუ მიგრაციის ფაქტორის გარეშე ტურიზმი არის ეკონომიკის ზრდის მთავარი ფაქტორი. ტურიზმის შესახებ ოფიციალური სტატისტიკა სანამ გამოქვეყნდება, თიბისის არხებით ვხედავთ, რომ აგვისტოსა და სექტემბერში არარეზიდენტებმა/უცხოელებმა საქართველოში, დაახლოებით, 50%-ით მეტი თანხა დახარჯეს, ვიდრე შარშან, რაც ეკონომიკაში ტურიზმის როლის გათვალისწინებით, მაღალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია ადგილობრივი ექსპორტი, სადაც, ცოტ-ცოტა ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა, მაგრამ ფეროშენადნობების ექსპორტი არის ალბათ მთავარი ფაქტორი“, - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.
„თიბისი ჯგუფის“ მთავარმა ეკონომისტმა საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა ზრდის ანალიზისას დაკრედიტების წვლილიც გამოყო.
„ეკონომიკის დაკრედიტება ძლიერი რჩება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. საუბარია ბანკების მხრიდან როგორც ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე, ასევე, ე.წ. შიდა განვადებებზე, რაც საქართველოში საკმაოდ პოპულარულია. მართალია, მას {შიდა განვადებას} თავისი შესაძლებლობები და რისკები ახლავს, მაგრამ ეკონომიკური აქტივობის მხრივ, იპოთეკას ჰგავს“, - განაცხადა ეკონომისტმა.
რაც შეეხება ე.წ. მიგრაციის ეფექტს, რომელიც ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო, „თიბისი ჯგუფის“ მთავარი ეკონომისტის შეფასებით, მიგრაციის ეფექტი სულ უფრო მცირდება.
„მნიშვნელოვანია, რომ მცირდება არა - მიგრანტების რაოდენობა, არამედ მათი საშუალო ხარჯი, რაც პრინციპში ლოგიკურია, რადგან ახალ ქვეყანაში როცა მიდის ადამიანი, თავიდან შეიძლება ბევრი ხარჯი ჰქონდეს - თუნდაც ბინა იყიდოს ან მოაწყოს ან შეიძლება თავიდან მეტი დანაზოგი ჰქონდა და ა.შ ამ მიმართულებით არათუ მიგრაცია არაა ეკონომიკის ზრდის ფაქტორი, არამედ მცირედით, მაგრამ უარყოფითი წვლილი შეიტანა“, - დასძინა ოთარ ნადარაიამ.
შეგახსენებთ: 8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 10%-ით გაიზარდა, უშუალოდ აგვისტოში კი ზრდის მაჩვენებელი 12% იყო. 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტის თანახმად, მთავრობამ 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 8,2%-მდე გაზარდა, მომდევნო წლის ბიუჯეტი კი 5,5%-იან ზრდაზე დაგეგმა.
რამ განაპირობა აგვისტოს 12%-იანი ეკონომიკური ზრდა? - საქსტატის განმარტება