2024 წელს საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი დარგი განათლება იყო - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, განათლების სექტორში ზრდამ 29.1% შეადგინა და ამ დარგის მთლიანმა ზომამ 4.6 მილიარდ ლარს მიაღწია.
BMG შეეცდება გაარკვიოს, თუ რა გარემოებებმა განაპირობა აღნიშნულ სექტორში 29.1%-იანი ეკონომიკური მატება, თუმცა, სავარაუდოდ, აღნიშნულთა შორის წამყვან ადგილებს სახელმწიფოს მხრიდან განათლების სექტორის დაფინანსების ზრდა იკავებდა, რადგანაც 2024 წელს სამინისტროს ბიუჯეტი 400 მილიონ ლარზე მეტად, 2.5 მილიონ ლარამდე გაიზარდა. აღნიშნული თანხები სკოლების რეაბილიტაციაზე და სახელფასო მატებაზე მიიმართა. ასევე, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო კერძო უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების რიცხვის ზრდა, რომელთა სწავლის გადასახადიც ქართველ სტუდენტებთან შედარებით რამდენჯერმე მაღალია, რაც სასწავლებლების შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდას განაპირობებს.
თუმცა, განათლების სექტორის ზომის ასეთი ზრდის მიუხედავად, მასში დასაქმებულთა საშუალო ხელფასები კვლავ ქვეყნის საშუალო ხელფასზე დაბლა ნარჩუნდება, მეტიც ეს სექტორი ხელფასის ზომით 20 სექტორს შორის ბოლო ადგილს იკავებს.
საქსტატის თანახმად, განათლების სფეროში საშუალო ხელფასი 1409 ლარია, მაშინ როდესაც ქვეყანაში არსებული საშუალო ანაზღაურება ამაზე 57%-ით მეტი იყო და 2217 ლარს შეადგენდა.
განათლების სექტორში არის უფრო დაბალი ხელფასები, ვიდრე სოფლის მეურნეობის, ნარჩენების მართვისა და დასუფთავების სექტორებში.
ცნობისთვის, საქართველოს სკოლებში სულ 66 ათასი პედაგოგი, ხოლო უმაღლეს სასწავლებლებში 11 ათასი პროფესორ მასწავლებელია. დაბალი საშუალო ანაზღაურება სავარაუდოდ, ზოგადი განათლების სექტორში, პედაგოგთა ხელფასებს უკავშირდება.