მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარების რა წილი იხარჯება ბიტკოინის მოპოვებაზე

კრიპტოვალუტა დატა ცენტრი

კრიპოტოვალუტების ღირებულება რეკორდულად გაიზარდა - ერთი ბიტკოინის საფასური 107 ათას დოლარს აჭარბებს - სწორედ ეს გარემოება მაინინგის, ანუ კრიპტოვალუტების გამომუშავების კომერციულ მიმზიდველობას დამატებით ზრდის.

ამის გათვალისწინებით, საქართველოში არსებულ დატა ცენტრებში მაინინგის საქმიანობა მკვეთრად გაიზარდა. 2025 წლის პირველ 4 თვეში იმ კომპანიებმა, რომლებიც ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლები არიან და რომელთა საქმიანობაც კრიპტო მოპოვებასთან არის დაკავშირებული, მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა წლიურად შვიდჯერ გაზარდეს.

უფრო კონკრეტულად, 2025 წლის ოთხ თვეში, ამ კომპანიებმა ჯამში 246.7 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც წლიურად 7.5-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია. ეს მთლიანად საქართველოს ელექტრომოხმარების 5% იყო.

აღნიშნული კომპანიები ძირითადად თბილისისა და ქუთაისის თიზ-ებში არიან რეგისტრირებული, რადგან აღნიშნულ ზონებში ელექტროენერგიის მიწოდება დღგ-ს გადასახადისგან არის გათავისუფლებული.

კომპანიების მიხედვით, მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის მხრივ პირველ ადგილზეა შპს ეიაიტექ სოლუშენი, რომელმაც 100.5 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა. კომპანია ოპერირებს თბილისში, გლდანის დატა ცენტრში, სადაც წარსულში Bitfury ახორციელებდა მაინინგს.

ელექტროენერგიის მოხმარებით მეორე ადგილზეა კომპანია შპს თი ეფ ზი სერვისის, რომელმაც 64.9 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა. თავის მხრივ, ეს კომპანია მაინინგით არ არის დაკავებული, თუმცა თიზ-ში არსებული სხვა მაინინგ კომპანიებისთვის ახდენს ელექტროენერგიის მიწოდებას.

49.5 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა კომპანია ტექსპრინტ კორპორეიშენმა, აითილების მოხმარება 24.6 მილიონი კილოვატ საათი იყო, ხოლო კომპანია დატა ჰაბის მოხმარება კი 7.2 მილიონი კილოვატ საათი.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2024 წელს საქართველოში სასერვერო აპარატურის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა და მან 115 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც ბოლო 5 წელში ამ საქონლის იმპორტი საშუალოდ 30 მილიონი დოლარი იყო. ესეც სავარაუდოდ ქვეყანაში მაინინგის სფეროს გააქტიურებასთან არის დაკავშირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები