საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წლის დეკემბრის "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს. მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლეს ინფორმაციას ეყრდნობა.
ძირითადი ტენდენციები
ინფლაცია
- 2023 წლის ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.1% შეადგინა, ხოლო ოქტომბერთან შედარებით ფასები 0.2%-ით შემცირდა.
- დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია განაპირობებს, რაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგია.
- მსოფლიოში სურსათის ფასების კლების ტენდენცია მეტწილად გრძელდება. დაბალ დონეზე ნარჩუნდება ტრანსპორტირების ღირებულება.
- ბოლოდროინდელი მცირედი გაუფასურების მიუხედავად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი მყარ პოზიციას ინარჩუნებს. ეს კი საგარეო შოკების ეტაპობრივ მილევასთან ერთად იმპორტირებული ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას ხელს უწყობს.
- ადგილობრივი ინფლაცია მცირდება და ნოემბერში 3.8% შეადგინა.
საბანკო სექტორი
- ოქტომბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 16.1%-ით გაიზარდა.
- უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაცია, 2023 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით 0.1 პპ-ით შემცირდა და 50.3% შეადგინა.
- ოქტომბერში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით, 0.1 პპ-ით შემცირდა და 45.2%-ს გაუტოლდა.
საგარეო სექტორი
- იმპორტი - ოქტომბერში საქონლის იმპორტი წლიურად 3.3%-ით გაიზარდა. საქონლის იმპორტის მატება უმეტესად სამომხმარებლო და საინვესტიციო სახის საქონლის იმპორტის ზრდამ განაპირობა
- ექსპორტი - ოქტომბერში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად10.3%-ით გაიზარდა. საქონლის ექსპორტის მატება მეტწილად სამომხმარებლო საქონლის ექსპორტის ზრდამ განაპირობა, ხოლო შუალედური საქონლის ექსპორტმა მნიშვნელოვნად დაიკლო.
- ოქტომბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა თვიურად 154.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და 5.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.