მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეროვნული ბანკი 2024 წლის იანვრის "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

ეროვნული ბანკი ლოგო

საქართველოს ეროვნული ბანკი 2024 წლის იანვრის "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს. მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ინფლაცია

  • წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.4% შეადგინა, ხოლო ნოემბერთან შედარებით ფასები 0.1%-ით გაიზარდა.
  • დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია განაპირობებს, რაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგია.
  • მსოფლიოში სურსათის ფასების კლების ტენდენცია მეტწილად გრძელდება.
  • ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი მყარ პოზიციას ინარჩუნებს. ეს კი საგარეო შოკების ეტაპობრივ მილევასთან ერთად იმპორტირებული ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას ხელს უწყობს.
    ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია დეკემბერში 3.6%-მდე შემცირდა.


საბანკო სექტორი


  • ნოემბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 16.3%-ით გაიზარდა.
  • უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაცია, 2023 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით 0.3 პპ-ით გაიზარდა და 50.8% შეადგინა.
  • ნოემბერში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით, 0.2 პპ-ით გაიზარდა და 45.5%-ს გაუტოლდა.


საგარეო სექტორი

  • იმპორტი - ნოემბერში საქონლის იმპორტი წლიურად 7.6%-ით შემცირდა. საქონლის იმპორტის კლება უმეტესად შუალედური სახის საქონლის იმპორტის შემცირებამ განაპირობა. სამომხმარებლო და საინვესტიციო საქონელის იმპორტი კი ზომიერად გაიზარდა.
  • ექსპორტი - ნოემბერში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 1.8%-ით შემცირდა. საქონლის ექსპორტის კლება მეტწილად შუალედური საქონლის ექსპორტის შემცირებამ განაპირობა, ხოლო სამომხმარებლო საქონლის ექსპორტმა მნიშვნელოვნად მოიმატა.
  • ნოემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების არსებითი ცვლილება არ ყოფილა, წინა თვესთან შედარებით მცირედით გაიზარდა და 5.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.