მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეროვნული ბანკი ბაზელის ინოვაციების ჰაბთან თანამშრომლობას იწყებს

სებ
BM. GE
08.09.23 14:30
6
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ეროვნული ბანკი ბაზელის ინოვაციის ჰაბთან (BISIH) ციფრული ლარის თემაზე  ითანამშრომლებს. სებ-ი ბაზელის ინოვაციის ჰონგ-კონგის ცენტრის mBridge-სა და Aurum-ის პროექტებში ჩაერთვება და ტექნოლოგიების, ცოდნის, ექსპერტიზის გაზიარების შესაძლებლობა ექნება.

ბაზელის ინოვაციის ჰაბი (BISIH) 2019 წელს დაარსდა. მისი მიზანია ინოვაციებისა და ფინანსური ტექნოლოგიების ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზით.

mBridge-ის პროექტის ფარგლებში ხდება ქვეყნებს შორის გადახდის ტესტირება DLT ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პლატფორმის საშუალებით, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ცენტრალურ ბანკებს შეუძლიათ გამოუშვან ციფრული ვალუტები და ერთმანეთთან განახორციელონ ტრანზაქციები.

პროექტი Aurum-ი საცალო ციფრული ვალუტის (CBDC) პროექტია, რომლის ფარგლებშიც ხდება შუალედური CBDC-ისა და CBDC-ით უზრუნველყოფილი სთეიბლქოინების არქიტექტურების შესწავლა და მათთვის ტექნოლოგიური პროტოტიპის აგება. აღნიშნული ტექნოლოგიური პროტოტიპის დიზაინი დაფუძნებულია უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის პრინციპებზე. ბაზელის წევრ ცენტრალურ ბანკებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ წვდომა ამ პროექტის ფარგლებში შემუშავებულ ტექნიკურ სახელმძღვანელოზე და სხვა საჭირო მასალებზე, რომელთა გამოყენებითაც უფრო გამარტივდება ექსპერიმენტების ჩატარება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ციფრული ვალუტის განვითარების პროცესს.

აღნიშნულ პროექტებში ჩართვით, ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა ექნება გაიზიაროს სხვა ქვეყნების ციფრული ვალუტის გამოცდილება, დატესტოს საკუთარი CBDC-ის ტექნოლოგია და საწყის ეტაპებზე მიიღოს ყველა ის სარგებელი, რომელსაც ბაზელის ინოვაციის ჰაბი  ცენტრალურ ბანკებს სთავაზობს.

(NS)