მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს აქვეყნებს

სებ

დღეს სებმა გაზრდილი ინფლაციის მიუხედავად, რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან მიუთითა, რომ 2025 წელს საშუალო ინფლაცია აქამდე პროგნოზირებული 3.8%-ის ნაცვლად, 4% იქნება, ასევე გაიზარდა 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი 3.1%-დან 3.5%-მდე. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, ინფლაციის მატების მიუხედავად ამ ეტაპზე რეფინანსირების განაკვეთი არ გაზარდა იმიტომ, რომ ინფლაცია მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია სურსათის ფასების მატებასთან, რასაც ფასების საერთო დონეზე ერთჯერადი ეფექტი ექნება და ის ეტაპობრივად ამოიწურება.

ცენტრალური სცენარი

  • 2025 წელს ინფლაცია საშუალოდ 4%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო 2026 წელს 3.5%-მდე შემცირდება
  • ეკონომიკური ზრდა 2025 და 2026 წლებში შესაბამისად 7.4%-სა და 5%-ს შეადგენს


"გლობალურად მიმდინარე ტენდენციების ფონზე, ეკონომიკური გაურკვევლობა მაღალია. აქედან გამომდინარე, სები ცენტრალურ სცენართან ერთად სხვადასხვა რისკ-სცენარსაც განიხილავს.

ერთი მხრივ, სებ-ი განიხილავს მაღალინფლაციური რისკის სცენარს, რომელიც ეფუძნება გლობალური და ადგილობრივი ინფლაციური რისკების ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო მწვავე რეალიზებას. აღნიშნული სცენარი, ასევე ითვალისწინებს სასაქონლო ბაზრებიდან მომდინარე დამატებით ინფლაციურ წნეხს.

მეორე მხრივ, დაბალინფლაციური რისკის სცენარი მოიაზრებს რელევანტური რისკების იმგვარ რეალიზებას, რომელიც ცენტრალურ სცენართან შედარებით ნაკლებად ინფლაციურია. საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილების ფონზე, პროდუქტიულობა მაღალია. შესაძლებელია ეს ტენდენცია მოსალოდნელზე ხანგრძლივად შენარჩუნდეს, რასაც დისინფლაციური ეფექტი ექნება. ამასთან, გლობალური ტენდენციებიც, როგორიცაა ნავთობის კლებადი ფასები და გლობალურად დოლარის შედარებით სუსტი პოზიცია, შესაძლებელია ცენტრალურ სცენართან შედარებით კიდევ უფრო დისინფლაციური იყოს.

არსებული ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, რისკების მინიმიზაციის მიდგომიდან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შენარჩუნდა. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების გავლენა გახანგრძლივდა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მზად არის არსებული მკაცრი პოზიციის მოსალოდნელზე ხანგრძლივად შესანარჩუნებლად და, საჭიროების შემთხვევაში, უფრო მეტად გასამკაცრებლადაც.

საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ სებ-ი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტთან ახლოს იქნება,"- აღნიშნულია მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის შესახებ სების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები