Expo Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის რესან ქიქავას აზრით, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაა.
„ჩვენ საკუთარი რესურსებით ვივლით ნელი ნაბიჯით წინ, ნაცვლად იმისა, რომ ნახტომებით ვიაროთ. საქართველოს გადარჩენის ერთადერთი შანსი სწრაფი განვითარებაა; უბრალოდ წინ სიარულით ჩვენ ვერაფერს შევძლებთ, ამდენ დროს არავინ მოგვცემს, ამით სუვერენიტეტს და ისტორიულ შანსს უბრალოდ დავკარგავთ“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“, სადაც განათლების და სასამართლო სისტემის რეფორმები ქვეყნის ყველაზე მთავარ გამოწვევებს შორის დაასახელა
- სასამართლო სისტემის რეფორმა - როდესაც ინვესტორი ქვეყანაში შემოდის კაპიტალით, მას უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ მიუკერძოებელი და ეფექტური სასამართლო სისტემა დახვდება და თუნდაც ამ მხრივ მისი კაპიტალი იქნება დაცული; მით უმეტეს, როცა მოდის ქვეყანაში, სადაც ირგვლივ ყველაფერი „აფეთქებულია“ - ვგულისხმობ რეგიონში არსებულ სიტუაციას; ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და შიდა პოლიტიკაში მაღალი პოლარიზაციაა. სასამართლოში ბიზნესი არ უნდა ვხარჯავდეთ იმდენ დროს, რამდენსაც ვხარჯავთ, ამ სერვისის არც ხარისხი და არც დრო არ არის ჩვენთვის მისაღები. ამის მაგალითები ექსპოშიც გვაქვს. თუ სასამართლო რეფორმას არ გავატარებთ და ამ პრობლემებს არ მოვაგვარებთ, საუბარი იმაზე, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი ინვესტორები ჩამოვლენ - ილუზიაა. განათლების სისტემის რეფორმა - აი ჩვენ სულ ვამბობთ რომ მომავალი თაობა გადაგვარჩენს. 8 წელია, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ვარ და სხვა უნივერსიტეტებშიც ვასწავლი; განათლების სისტემაში კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. ორი ძირითადი რამ, რაც ბავშვს თანდაყოლილად აქვს და რაც არის სწავლის და შემეცნების განმსაზღვრელი ფაქტორი, ეს არის ცნობისმოყვარეობა და კრიტიკული აზროვნება. ახალგაზრდები კი უმაღლეს სასწავლებლებში მოდიან ამისგან აბსოლუტურად დაცლილები და რა გამოდის? ყველაზე მთავარი, რაც სკოლამ უნდა შეუნარჩუნოს და განუვითაროს ბავშვს, იმას უნგრევენ. ძალიან დიდ პატივს ვცემ მასწვალებლებს და მესმის მათი მდგომარეობაც, მაგრამ ვფიქრობ, სასკოლო და სკოლამდელ განათლებაში ყველაფერს არასწორად ვაკეთებთ. ვფიქრობ, ეს არის ზოგადად, საზოგადოების პრობლემა, რომ ამ საკითხის მოგვარებას საკმარისი სიმწვავით არ ვაყენებთ. უნდა გვესმოდეს, რომ ცვლილებების და რეფორმების გარეშე, მომავალი თაობა, რომელზეც ვამბობთ, რომ გადაგვარჩენს, ქვეყნიდან წავა, რადგან ჩვენ რასაც ვთავაზობთ, მათთვის საინტერესო არაა და რატომ გვგონია, რომ ის, ვინც დარჩება, გადაგვარჩენს?!
- თუ პრობლემები იდენტიფიცირებულია, რატომ ვერ ვშველით - მიზეზი პოლიტიკური ნების არარსებობაა?
- რა თქმა უნდა, ეს დღევანდელი პოლიტიკური ლიდერშიპის პასუხისმგებლობაა. განათლების სისტემის რეფორმა გრძელვადიანია და შესაბამისად პოლიტიკურად ნაკლებად მომგებიანი, მაგრამ თუ გვინდა, რომ ნორმალური ქვეყანა მივიღოთ, როგორ შეიძლება ახალგაზრდებს, მომავალ თაობას ასე ვექცეოდეთ?
- რამდენიმე კვირის წინ „თავიუსფალი სკოლის“ დირექტორი ამირან ამბროლაძე იყო „წერტილის“ სტუმარი და მისი აზრით, უტოპიაა, მაგრამ განათლების მინისტრს მოქალაქეები გარკვეული ვადით უნდა ირჩევდნენ - მხოლოდ ასე გახდება შესაძლებელი, საჭირო, მაგრამ მტკივნეული რეფორმების გატარება...
- იცით, როცა ადამიანი თანამდებობაზე ინიშნება, ის არ უნდა ფიქრობდეს იმაზე, რამდენ ხანს დარჩება ამ თანამდებობაზე. როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი თანამდებობის დაკავებას თანხმდები, შესაბამისი ხარისხის პასუხისმგებლობაც უნდა ატარო.
- გასაგებია, მაგრამ დღეს განათლების მინისტრიც ხომ პილიტიკური გუნდის ნაწილია...
- არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, ერთი დღე დარჩები თანამდებობაზე თუ - მეტი. თუ პიროვნება ხარ, უნდა აკეთო ის რაც მიგაჩნია სწორად. განათლების მინისტრისგან <გიორგი ამილახვარი> ვხედავთ ნაბიჯებს, სურვილებს, რაღაცეები ხდება და დიდი იმედი მაქვს ამას საჭირო ცვლილებები მოჰყვება.
- რა სჭირდება საქართველოს განვითარებითვის?
- პირველ რიგში, ყველა ქართველმა უნდა იზრუნოს საკუთარი თავის განვითარებაზე და მონდომებით აკეთოს თავისი საქმე; სამწუხაროდ, დილეტანტების ქვეყნად ჩამოვყალიბდით და პროფესიონალი ნებისმიერ სფეროში სანთლით უნდა ეძებო. ეს პრობლემა არის როგორც პიროვნულ, ასევე ზოგად დონეზე. ყველა უნდა ვეცადოთ, განვვითარდეთ, ვატაროთ პასუხისმგებლობები და შევქმნათ რაღაც ღირებულება, რაც წაგვადგება როგორც პირადად ჩვენ, ისე ქვეყანასაც.
ჩემთვის ძალიან რთულია იმის გაგება, რატომ ვართ შეგუებული იმას, რომ ვიყოთ იმ დონეზე, რაზედაც ვართ და გვქონდეს, საშუალო და საშუალოზე დაბალი მართვის ხარისხი, ფაქტობრივად, ყველა სფეროში.
- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?
- დილეტანტიზმს.