ყულევში საქართველოში პირველი სრულმასშტაბიანი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის პროექტში $5 მილიონის ინვესტიციას საქართველოს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი - საქართველოს განვითარების ფონდი ახორციელებს, ამის შესახებ ინფორმაციას თავად ფონდი აქვეყნებს.
ქარხნის სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პროექტი საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობებს ახალ პოტენციალს შესძენს.
ქარხნის პროექტს "ბლექ სი პეტროლიუმი" ახორციელებს, რომელიც ბიზნესმენ მაკა ასათიანის მიერ დაფუძნებული კომპანიაა. მისი განცხადებით, 2025 წლის გაზაფხულზე ქარხანა პირველი პროდუქციის ექსპორტს დაიწყებს.
ქარხნის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 110 მილიონი დოლარია და ის ქართული კომერციული ბანკების სინდიცირებული (ერთობლივი) სესხით ფინანსდება, ამ დაფინანსებაში "საქართველოს განვითარების ფონდი" $5 მილიონის მოცულობით მონაწილეობს. პირველ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, საწარმო 1.2 მლნ ტონა ნედლ ნავთობს გადაამუშავებს წლის განმავლობაში. ქარხანა აღჭურვილი იქნება მაღალტექნოლოგიური დანადგარებით, რაც საერთაშორისო სტანდარტის საბოლოო პროდუქტების მიღებას განაპირობებს.
პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 700 მილიონი დოლარია და უკვე 2026 წლისთვის დაგეგმილია რომ მისი წლიური წარმადობა წელიწადში 2.8 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება იქნება.
ეს "საქართველოს განვითარების ფონდის" (ყოფილი საპარტნიორო ფონდის) ყველაზე მსხვილი საინვესტიციო დაფინანსებაა, რაც ფონდმა მისი სტრუქტურული რეფორმირების შემდეგ განახორციელა. შეგახსენებთ, რომ ფონდის სტრუქტურა შეიცვალა და მას სრულად გამოეყო სახელმწიფო სისტემური კომპანიები - "საქართველოს რკინიგზა", "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია", "ესკო" და "სახელმწიფო ელექტროსისტემა". ასევე შეიცვალა ფონდის მმართველობითი სისტემაც. თუმცა, ამის მიუხედავად, ფონდთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, კვლავ ძალაშია მათი მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ფონდი არ შევიდოდა ახალი პროექტების დაფინანსებაში, რაც ფისკალური რისკების შემცირებას ისახავდა მიზნად. თუმცა, თავად ფონდი IMF-ის ამ შეფასებას არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ მათ რეფორმირების პროცესი გაიარეს და ახალ პროექტებში შესვლა თავისუფლად შეუძლიათ.
ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით საგანელიძე აღნიშნავს, რომ ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის პროექტი საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის არის მნიშვნელოვანი, ამიტომაც ფონდმა მასში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიიღო.
„მოხარული ვარ, რომ დღეს, ჩვენი პარტნიორობით, საფუძველი ჩაეყარა ისტორიული პროექტის დაწყებას. ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს არსებობა ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის ქვაკუთხედი გახდება. მაღალტექნოლოგიური წარმოება ფონდის ერთერთი მთავარი პრიორიტეტია. ქარხნის მშენებლობა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას. ამას გარდა, ვინაიდან წარმოებული ნედლეული გამოიყენება მრეწველობის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის სატრანსპორტო, სამშენებლო და სხვა მიმართულებებით, გაიზრდება ხელმისაწვდომობა ინდუსტრიისთვის საჭირო რესურსებზეც. უმნიშვნელოვანესია, რომ ქარხანაში წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქცია გავა ექსპორტზე, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას,“ განაცხადა „საქართველოს განვითარების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, დავით საგანელიძემ.
ყულევის თიზ-ში მსხვილი საწარმოს მშენებლობა ჯერ კიდევ 2012 წლიდან იგეგმება, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების დროს, Socar-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა საინვესტიციო შეთანხმება. თუმცა აღნიშნული პროექტი არ განხორციელდა, რის გამოც შეიცვალა თიზ-ის ინვესტორი და პროექტის განხორციელების ვალდებულება კომპანია “ფაზის ოილზე” გადავიდა. მისი განვითარება ვერც “ფაზის ოილმა” ვერ შეძლო, რის გამოც მთავრობამ ინვესტორი ჩაანაცვლა.
“ბლექ სი პეტროლიუმი” 2022 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. მასში 70%-იანი წილი ბიზნესმენ მაკა ასათიანს ეკუთვნის, ხოლო 30%-იანი წილი შპს TRADE STONE IBERIA-ს. უშუალოდ TRADE STONE IBERIA-შიც 70%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი მაკა ასათიანია, 30%-იანი წილი კი სოფიო თავართქილაძეს ეკუთვნის.
ყულევის ნავთოგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაყოფილია 6 ფაზად. პირველი ფაზის ფარგლებში აშენდება ქარხნის ძირითადი ინფრასტრუქტურა და გაეშვება ექსპლუატაციაში. პირველ ფაზაზე დაწყებული რამდენიმე ობიექტის მშენებლობა გაგრძელდება რამდენიმე ეტაპის განმავლობაში. შემდეგ ფაზებზე ეტაპობრივად დაემატება რკინიგზის მეორე ესტაკადა, რეზერვუარები და სხვა საწარმო ობიექტები.